ლატვიის დედაქალაქ რიგაში 5-დან 7 ნოემბრის ჩათვლით 44-ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. "Volvo Open Cup"-ის თასზე საქართველოდან ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები: ალინა ურუშაძე (სენიორი ქალები), ირაკლი მაისურაძე და ნიკა ეგაძე ( სენიორი მამაკაცები), ხოლო იუნიორთა კატეგორიაში - ანადეა გულბიანი შმიდტი მონაწილეობდა.
ტურნირი ქართველი მოციგურავეებისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათ 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ალინა ურუშაძემ 8 ქვეყნის 12 მოციგურავე ქალს შორის 178.29 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა და შესაბამისად ოქროს მედალს დაეუფლა.
ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ირაკლი მაისურაძე. მისთვის რიგის ტურნირი ახალი სეზონის პირველი სტარტი იყო და 8 ქვეყნის 11 მოციგურავე მამაკაცს შორის 227,61 ქულით პირველი პოზიციაზე გავიდა. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნიკა ეგაძე, რომელმაც ყაზახეთის დენის ტენის თასის შემდეგ, მეორე ოფიციალურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. მან 225.60 ქულა მოიპოვა და ეს შედეგი მე-3 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.
იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე ანადეა გულბიან-შმიდტმა კი 14 ქვეყნის 21 მოციგურავე გოგონას შორის 119.75 ქულით, საუკეთესო ათეულში მე-8 პოზიციით დაასრულა.