ფეხბურთი

2:10 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ინტერთან" დისტანცია შეინარჩუნა, "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მთავარ შეხვედრაში „მილანმა“ „ინტერს“ უმასპინძლა და დერბი „დელა მადონინა“ ფრედ დასრულდა.

„ინტერი“ ნომინალური სტუმარი იყო, მაგრამ გამარჯვება უფრო მას სჭირდებოდა, რადგან თანაქალაქელს 7 ქულით ჩამორჩებოდა. სიმონე ინძაგის გუნდმა უფრო აქტიურად დაიწყო და მე-11 წუთზე დაწინაურდა. ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტი მოიპოვა და ყოფილი გუნდის კარში თავად დაარტყა - 0:1. თურქმა ფეხბურთელმა გოლიც აღნიშნა და „მილანის“ ტიფოზები კიდევ უფრო გააღიზიანა.

„როსონერიმ“ 6 წუთში გაათანაბრა. სანდრო ტონალის ჩაწოდების შემდეგ სტეფან დე ვრეიმ თავის მეკარეს გაუტანა და 1:1. 27-ე წუთზე „ინტერს“ დაწინაურება შეეძლო, ამჯერადაც პენალტით, რომელიც უკვე ლაუტარო მარტინესმა შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. ჩიპრიან ტატარუშანუმ მას აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. პირველივე ტაიმში გოლთან ახლოს იყო ნიკოლო ბარელა, თუმცა, დარტყმა ცარიელი კარიდან ბალო-ტურემ გამოიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისშიც უფრო „ინტერი“ აქტიურობდა, ხოლო მატჩის ბოლო ნაწილში ყველაფერი შეიცვალა და მოგებასთან უფრო ახლოს „მილანი“ მივიდა, თუმცა, გამარჯვების მომტანი გოლი არცერთ კარში გასულა - 1:1.

„ინტერი“ მესამე ადგილზეა და „მილანს“, ისევე, როგორც „ნაპოლის“ 7 ქულით ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ტოპჩემპიონატებში მხოლოდ ორი წაუგებელი გუნდია და ორივე იტალიიდან: „მილანი“ და „ნაპოლი“ სერია A-ს 32-32 ქულით ლიდერობენ. უფრო მეტიც, „როსონერის“ ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს 12 ტურისთვის.

„ნაპოლიმ“ ისევ არ წააგო, მაგრამ ქულები დაკარგა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ვერონას“ ვერ მოუგო. კვლავ გაიტანა დიეგო სიმეონეს შვილმა, ჯოვანიმ, რომელმაც ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. ნეაპოლელებმა მალევე ჯოვანი დი ლორენცოს გოლით გაათანაბრეს და მერე არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ სიმეონემ „ნაპოლიმდე“ „ლაციოს“ 4 და „იუვენტუსს“ 2 გოლი გაუტანა და ფანტასტიკურ ფორმაშია. მატჩის მიწურულს იგორ ტუდორის გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩა, ორივე შემთხვევაში ცვლილებაზე შესული ფეხბურთელები გააძევეს და მსგავსი რამ სერია A-ს ისტორიაში პირველად მოხდა. საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ვერ მოიგო, ქულები დაკარგა, მაგრამ „მილანთან“ ერთად კვლავ თანალიდერია.

ჟოზე მოურინიოს საქმეები „რომაში“ ცუდად მიდის. პორტუგალიელის გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად სტუმრად „ვენეციასთან“. „ჯალოროსი“ მესამე წუთიდან აგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ორჯერ გაიტანა და დაწინაურდა. თუმცა, მეორე ტაიმში მარცხს მაინც ვერ გადაურჩა, რადგან ორი უპასუხო გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. სამაგიეროდ, მოიგო „ლაციომ“, რომელმაც შინ „სალენტინას“ 3:0 მარტივად აჯობა და „რომა“ უკან მოიტოვა.

სერია A-ში ახლა ორკვირიანი სანაკრებო პაუზა გამოცხადდა, რადგან წინ სანაკრებო მატჩებია.

„მილანი“ – „ინტერი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (11, პენ), 1:1 დე ვრეი (17, ა.გ)

„ლაციო“ – „სალერნიტანა“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 იმობილე (31), 2:0 პედრო (36), 3:0 ლუის ალბერტო (69)

„ნაპოლი“ – „ვერონა“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 სიმეონე (13), 1:1 დი ლორენცო (18)

„სამპდორია“ – „ბოლონია“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სვანბერგი (47), 1:1 ტორსბი (77), 1:2 არნაუტოვიჩი (78)

„უდინეზე“ – „სასუოლო“ 3:2 (2:2)

გოლები: 1:0 დეულოფეუ (8), 1:1 ბერარდი (15), 1:2 ფრატეზი (28), 2:2 ფრატეზი (39, ა.გ), 3:2 ბეტო (51)

„ვენეცია“ – „რომა“ 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 კალდარა (3), 1:1 შომუროდოვი (43), 1:2 აბრაჰამი (45), 2:2 არამუ (65, პენ), 3:2 ოკერეკე (74)

თეგებისერია A
0.200007