ძიუდო

18:15 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილმა, მაისურაძემ და სანებლიძემ ბაქოს გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

ბაქოს გრანდ სლემზე ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტატამიზე ძალები ოთხმა ქართველმა მოსინჯა და მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და ონისე სანებლიძემ მოიპოვეს.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ტაჯიკ დჟახონგირ მადჟიდოვს შეხვდა და მოუგო, რასაც აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვთან გამარჯვება მოჰყვა, მაგრამ ნახევარფინალში კიდევ ერთ აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ყირგიზ ერლან შეროვს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ამავე წონაში იგივე გზა განვლო ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც რუსი ალიხან ტცეჩოევი და აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ კოსუკე მაშიამასთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის კიდევ ერთ იაპონელ გოკი ტაჯიმას გაეჯიბრა და იპონით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბექა ვაზარით იგებდა, მაგრამ მისი მეტოქე სამჯერ გააფრთხილეს და ბრძოლა ვადაზე ადრე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

100 კგ წონით კატეგორიაშიც ორმა ქართველმა იასპარეზა. ონისე სანებლიძემ აზერბაიჯანელ ქანან აბდულახანლის აჯობა, მერე კი მიხეილ ჯაფარიძეს მოუგო, თუმცა ნახევარფინალში რუს ნიაზ ბილალოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ადილ კარიმლისთან იპონით გამარჯვება მოახერხა და კვარცხლბეკზე ავიდა. ჯაფარიძემ ჯერ ბრაზილიელ უილიამ ჟუნიორს მოუგო, მაგრამ სანებლიძესთან მარცხის მერე რეპეშაჟში გადაინაცვლა და იქ კენტარო იდასთანაც წააგო.

საბოლოოდ, ქართველი ძიუდოისტების მონაგარი ბაქოს გრანდ სლემზე 4 მედალია - 1 ოქრო (ჯაბა პაპინაშვილი) და 3 ბრინჯაო (ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე).

0.121877