საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივეში სტუმრებმა მოიგეს.
ქუთაისის „ტორპედო“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და ოლეგ მამასახლისის პენალტით 1:0 იმარჯვა. შედეგად, იმერულმა გუნდმა გადარჩენის იმედი გაიჩინა, რადგან 33 ქულა აქვს და სამშვიდობოს მყოფ „თელავს“ უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. „შუქურამ“ კი პლეი-აუტის ზონისგან თავის დაღწევის იმედი დაკარგა და იქიდან მოუწევს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა.
„სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალთან“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურება მოახერხა, მაგრამ მერე გიორგი ბუხაიძემ დუბლი შეასრულა და სოსო ფრუიძის გუნდმა 2:1 მოიგო. წყალტუბოელებს დიდი ხანია ეროვნულ ლიგაში ადგილი პრაქტიკულად შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ თითქმის ყველა კითხვის ნიშანი გააქრეს. „სამტრედია“ კი ალბათ ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს, რადგან სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „შუქურას“ 7 ქულით ჩამორჩება.
„შუქურა“ – „ტორპედო“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მამასახლისი (72, პენ)
„სამტრედია“ – „სამგურალი“ 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 იოსელიანი (58), 1:1 ბუხაიძე (74, პენ), 1:2 ბუხაიძე (90)