გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ უპირატესობა გაიზარდა, რადგან „რეკორდმაისტერმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „დორტმუნდი“ - დამარცხდა.
იულიან ნაგელსმანის გუნდმა შინ აქამდე დაუმარცხებელ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და ლეონ გორეტცკასა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით 2:1 დაამარცხა. შედეგად, მიუნხენელბმა 28 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. სხვათა შორის, „ფრაიბურგს“ რომ მოეგო, „ბაიერნს“ გაუტოლდებოდა, მაგრამ წააგო და ახლა ბუნდესლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ არის.
„დორტმუნდმა“ „ლაიფციგთან“ იწვნია მარცხი და ლიდერის პოზიციას დაშორდა. „ყვითლებს“ ერლინგ ჰოლანდის სახით დიდი ძალა აკლიათ და ეს გუნდის თამაშსაც დაეტყო. თანაც, „ლაიფციგი“ ძლიერი მეტოქე იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ხარებმა“ მიმდინარე სეზონი მაინცდამაინც საუკეთესოდ ვერ დაიწყეს.
მე-11 ტურში გამოსარჩევი ის მოხდა, რომ ბილეფელდის „არმინიამ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და სტუმრად „შტუტგარტი“ 1:0 დაამარცხა.
„ლაიფციგი“ – „დორტმუნდი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნკუნკუ (29), 1:1 როისი (52), 2:1 პოულსენი (68)
„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 გორეტცკა (30), 2:0 ლევანდოვსკი (75), 2:1 ჰაბერერი (90)
„ბოხუმი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ნოვოტნი (66), 2:0 პანტოვიჩი (90)
„შტუტგარტი“ – „არმინია“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ოკუგავა (19)
„ვოლფსბურგი“ – „აუგსბურგი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ნმეჩა (14)
„მაინცი“ – „გლადბახი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ნოიჰაუსი (38), 1:1 ვიდმერი (76)