ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოსთვის მეორე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა და სამი ქართველი ძიუდოისტი არათუ უმედლოდ დარჩა, არამედ ფინალუ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო.
73 კგ წონით კატეგორიაში ჯუმბერ მელაძემ პირველ წრეში ბრაზილიელ გუსტავო სიკუერას აჯობა, რომელთანაც ვაზარით აგებდა, მაგრამ იპონით მოგება მოახერხა და მეორე წრეში რუს მახმადბეკ მახმადბეკოვთან იპონით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
81 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, მაგრამ ორივემ პირველივე წრეში წააგო. თორნიკე ფოლადიშვილი უზბეკ სუხრობ ტურსუნოვთან ვაზარით დამარცხდა, ხოლო გიგა გიგაურმა აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვთან მარცხი იპონით განიცადა.
შეგახსენებთ, ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ერთი ოქროს მედალია, რომელიც ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.