ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს მანჩესტერული დერბია. მასპინძელი "იუნაიტედი" „სიტის“ "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.
პრინციპული დაპირისპირების წინ, "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "წითელი ეშმაკების" ლიდერის კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისის ჩემპიონატისთვის მისი დაბრუნება ძალიან კარგია.
"კრიშტიანუ გოლებს მთელი ცხოვრება გაიტანს. მაშინაც კი, როდესაც 75 წლის იქნება. შეიძლება პენსიაზე გავიდეს, მოაწყოს ბარბიქიუს წვეულება, შემდეგ ითამაშოს ფეხბურთი და გაიტანოს გოლები.
ყველას მოსწონს ლეო მესი, რონალდუ... ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთში ისინი ბევრს აკეთებენ და ეხმარებიან თავიანთ გუნდებს გამარჯვებაში.
პრემიერ ლიგისთვის ძალიან კარგია, რომ კრიშტიანუ დაბრუნდა. „იუნაიტედი“ მისი ნაწილია და პირიქით რონალდუა „მანჩესტერის“ ნაწილი. ერთმანეთთან შესანიშნავ ჰარმონიაში არიან. ეს დუეტი წარსულშიც კარგი იყო და ახლაც. ალბათ, მომავალშიც კარგი იქნება. ვნახოთ...
ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდა რონალდუს „მანჩესტერ სიტის“ მაისურით. ამაზე კომენტარს ვერანაირად ვერ გავაკეთებ. ახლა მას უნდა ვკითხოთ, ბედნიერია თუ არა, რომ მისმა კლუბმა ასეთი ფეხბურთელის დამატება მოახერხა. ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერული დერბი“ დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. ორივე გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებათ, რადგან გვარდიოლას შეგირდები 20 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან და ბოლო შეხვედრა „კრისტალ პალასთან“ წაგებული აქვთ, ხოლო „იუნაიტედს“ 17 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.