ყოფილი კალათბურთელი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, ნიგერიელი რაფაელ აკპეჯიორი ამბობს, რომ მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონი ტაისონ ფიური ტერმინატორივით კი გამოიყურება, თუმცა მისი დამარცხება შეუძლია.
აკპეჯიორი მაიამის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის წევრი იყო და შემდეგ, ამერიკულ ფეხბურთში გადავიდა, სადაც „მაიამი დოლფინზის“ ახალბედათა სავარჯიშო ბანაკს შეუერთდა. საბოლოოდ კი, 31 წლის და 2.03 მეტრის სიმაღლის ათლეტმა პროფესიონალურ კრივში გადაინაცვლა და 12 ბრძოლაში ამდენივე მოგება აქვს. უფრო მეტიც, ყველა ნოკაუტით მოიგო და ორ რაუნდზე მეტი ვერცერთმა მეტოქემ ვერ გაუძლო.
კვირას აკპეჯიორი მაიამიში კოლუმბიელ სანტანდერ სილგადოს დაუპირისპირდბა, თუმცა უფრო მეტს, ფიურისთან შეხვედრაზე ფიქრობს, ვიდრე უახლოეს მეტოქეზე.
„ის მწვერვალზეა და მე მინდა, რომ მწვერვალზე ავიდე. ამისთვის ვიღაც ჩემს ძალას იგრძნობს. ის სამჯერ შეხვდა დეონტეი უაილდერს და წარბი ერთხელაც არ შეუხრია. იმიტომ, რომ ის კრივის ოსტატია“, - ამბობს ნიგერიელი.
„მე საკრივო ჩვევები უნდა გამოვიმუშაო, რათა მის დონეს მივაღწიო. ამას ჩემი ძალაც დაუმატეთ. ჩვენ დაახლოებით ერთი სიმაღლის ვართ. მე ცოტა უფრო ათლეტური ვარ. ბევრ სპორტში ვცადე ბედი და ბევრი რამ შემიძლია. ჩემს ტანს სრულად ვაკონტროლებ და ეს კრივში ბევრს ნიშნავს“, - ამბობს აკპეჯიორი.