კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ტალინში „ფლორას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა (2:2).
კვიპროსელები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს და ქულით დაკმაყოფილება მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრას, რომელიც ორი კვირის წინ კვიპროსში გაიმართა, ზუსტად იგივე სცენარი ჰქონდა - მაშინაც ფამაგუსტელები ორი ბურთით იგებდნენ და ფრე დაფიქსირდა - 2:2.
როგორც იმ მატჩში, ამჯერადაც, ნიკა კაჭარავამ საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფორვარდი 33-ე წუთზე გატანაში დენის პოპოვიჩს დაეხმარა, რომელმაც სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა ნინუა თადარიგში დარჩა, ხოლო გიორგი ლორია პირადი მიზეზების გამო განაცხადში არ იყო.
მატჩის შემდეგით ძალიან უკმაყოფილო გახლდათ თემურ ქეცბაია, რომელმაც თქვა, რომ სანამ გუნდის შემადგენლობა არ გაძლიერდება, არაფერი შეიცვლება.
„როდესაც ასე ადვილად აძლევ მეტოქეს გოლების გატანის შესაძლებლობას, რთულია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროდ, ეს გვჭირს, ეს პრობლემაა და ინდივიდუალური შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. არ შეიძლება ასეთი შეცდომების დაშვება, გუნდური დაცვითი მეთოდი არ მუშაობს. არაფერი შეგვიძლია, ინდივიდუალური შეცდომები გრძელდება. არ შეიძლება ფეხბურთელები, რომლებიც ამდენი წელია თამაშობენ, ასეთ შეცდომებს უშვებდნენ. სანამ გუნდს არ გავაძლიერებთ, არაფერი შეიცვლება, ვერაფერს გააკეთებ. სამწუხაროდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არც ტაქტიკის და არც არაფრის ბრალია, მხოლოდ ინდივიდუალური შეცდომების ბრალია“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ ოთხი ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს „ფლორასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, ბელგიურ „გენტს“ უმასპინძლებს.