„ბარსელონა“ მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას პარასკევს, 5 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურებს. ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Sport-მა გაავრცელა.
„ბარსას“ ხელმძღვანელები ყატარში იმყოფებოდნენ, სადაც „ალ-სადის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და როგორც ჩანს, შეხვედრამ შედეგი გამოიღო. ჩავი ბარსელონაში დამდეგ უიქ-ენდზე დაბრუნდება და გუნდის მთავარ მწვრთნელად მომდევნო კვირის დასაწყისში წარადგენენ. გამოცემის ინფორმაციით, ჩავის დებიუტი 20 ნოემბერს, ბარსელონურ დერბიში, „ესპანიოლთან“ შედგება.
ჩავის „ალ-სადთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ 2023 წლამდე აკავშირებს და ყატარული კლუბი ბოლო დრომდე უარყოფდა ესპანელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის შესაძლებლობას. თუმცა, ახალგაზრდა სპეციალისტს მშობლიურ კლუბში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს და ალბათ, ეს გადამწყვეტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს სწორედ „ალ-სადში“ დაიწყო, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მას სხვა კლუბში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.