კალათბურთი

13:46 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაუნის Alley-Oop, დურანტის BUZZER-ი და "ბრუკლინის" მიჯრით მესამე გამარჯვება NBA-ში (+VIDEO)

NBA-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა „ბრუკლინ ნეტსმა“. სტივ ნეშის გუნდი შინ „ატლანტა ჰოუქსს“ შეხვდა და 117:108 მოიგო.

ბრუკლინელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჰარდენისა და ბრიუს ბრაუნის გათამაშება, როდესაც 32 წლის გამთამაშებელმა ბოგდანოვიჩს ბურთი აართვა და მაგარი ალე უპით ბრაუნმა ანგარიში იმ დროისთვის 18:18 გახადა. საწყის 12-წუთეულში კევინ დურანტმა და კამპანიამ 35:28 იმარჯვეს. თუმცა, მეტოქემ მეორე პერიოდში 5 ქულის გაქვითვა მოახერხა და პირველი ტაიმი 61:59 დასრულდა. გარდატეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, როდესაც „ნეტსმა“ მეტოქეს 14-ქულიანი სხვაობით მოუგო და კევინ დურანტმა საოცარი ბაზერი შეასრულა. დარჩენილ დროში კი ნეიტ მაკმილანის გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.

„ბრუკლინის“ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ კევინ დურანტმა შეიტანა. 33 წლის ფორვარდმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მოუტანა. 18 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ჯო ჰარისს, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 16 ქულით, 4 მოხსნითა და 11 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.

დამარცხებულთა რიგებში დეანდრე ჰანტერი გამოირჩა, რომელსაც 26 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა. ტრეი იანგმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 10 პასი გამოიმუშავა. 13 ქულა, 16 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა კლინტ კაპელას, ხოლო 13 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი ჯონ კოლინსს.

აღსანიშნავია, რომ „ნეტსს“ მიმდინარე სეზონში კაირი ირვინგი ვერ ეხმარება, რომელიც კოვიც 19-ის ვაქცინას არ იკეთებს. სწორედ მის შესახებ გააკეთა მცირე კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ მოუთმენლად ველით კაირის დაბრუნებას, იქნება ის ვაქცინირებული თუ არა. ნიუ-იორკის კოროვირუსული რეგულაციები შეიცვლება“, - განაცხადა სტივ ნეშმა.

გეტყვით იმასაც, რომ ამ შეხვედრას ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო კლუბ "ინტერ მაიამის" მფლობელი - დევიდ ბექემი ესწრებოდა.

"ბრუკლინ ნეტსს" 5 მოგების საწინააღმდეგოდ 3 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. დურანტი და კამპანია მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, სტუმრად "დეტროიტ პისტონსთან" გამართავს. ხოლო "ატლანტა ჰოუქსი" 4 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-11 პოზიციაზეა და 5 ნოემბერს, შინ ლიდერ "იუტა ჯაზს" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11384