ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა და მერვედფინალისტთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მიუნხენის „ბაიერნსა“ და ტურინის „იუვენტუსს“, „ლივერპული“ და ამსტერდამის „აიაქსი“ შეუერთდნენ. შედეგად, ეს ოთხი გუნდი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უკვე პლეი-ოფში არიან.
A ჯგუფი
„პარი სენ ჟერმენი“ ლიონელ მესის გარეშე „ლაიფციგს“ ესტუმრა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, ქულები დაკარგა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო და თავიდანვე გაუშვა, პარიზელთა კარი მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანა. ორ წუთში გერმანელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ანდრე სილვამ პენალტი ჯანლუიჯი დონარუმას ვერ გაუტანა. ზოგადად, „ლაიფციგმა“ ბევრი საგოლე შანსი გაანიავა და ამისთვის დაისაჯა. პირველივე ტაიმში ჟორჟინიო ვეინალდუმმა დუბლი შეასრულა და პსჟ წინ გავიდა. მატჩის ბოლო წუთზე პარიზელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად დომინიკ შობოშლაიმ შეასრულა და გაიტანა. საბოლოოდ ფრე, 2:2, რის შედეგადაც, „ლაიფციგმა“ პირველი ქულა მოიპოვა მიმდინარე გათამაშებაში, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
„მანჩესტერ სიტის“ „ბრიუგემ“ პირველი ტაიმი გაუძლო, თუმცა, მთლიანობაში ვერაფერს გახდა და 1:4 დამარცხდა. ამრიგად, ჯგუფის სათავეში პეპ გვარდიოლას გუნდი მოექცა, რომელსაც 9 ქულა აქვს, შემდეგ პსჟ მოდის 8 ქულით და ნათელია, რომ მათ ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდებათ, მომდევნო ტურში ისინი მანჩესტერში პირველი ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. „ბრიუგეს“ 4 ქულა აქვს, ხოლო „ლაიფციგს“ – 1 და მაქსიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.
„ლაიფციგი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:2 (1:2)
გოლები: 1:0 ნკუნკუ (8), 1:1 ვეინალდუმი (21), 1:2 ვეინალდუმი (39), 2:2 შობოშლაი (90)
„მანჩესტერ სიტი“ – „ბრიუგე“ 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 ფოდენი (15), 1:1 ტოუნსი (17, ა.გ), 2:1 მაჰრეზი (54), 3:1 სტერლინგი (72), 4:1 გაბრიელ ჟესუსი (90)
B ჯგუფი
„ლივერპულმა“ B ჯგუფში ყველაფერი გადაწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდმა „ატლეტიკოს“ საწყის ოც წუთში ორი გოლი გაუტანა და მერე თავი აღარ მოუკლავს, მითუმეტეს, რომ მადრიდელები პირველივე ტაიმში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. საბოლოოდ, „ლივერპულისთვის“ ყველაფერი გადაწყდა - 12 ქულა აქვს და არათუ ჯგუფიდან უკვე გავიდა, არამედ პირველი ადგილიც გაიფორმა და შეუძლია ბოლო ორ ტურს ძალიან მშვიდად შეხვდეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში „მილანმა“ „პორტუს“ უმასპინძლა და 2013 წლის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, იტალიურ გრანდს „პორტუსთან“ ძალიან გაუჭირდა და უკვე მეექვსე წუთზე აგებდა და პირველ ტაიმში პორტუგალიელებს კიდევ არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მეორე ნახევარში კი „როსონერიმ“ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „მილანს“ ერთადერთი ქულა აქვს, მაგრამ ჯერ შანსი არ დაუკარგავს. საქმე ისაა, რომ „პორტუს“ 5 და „ატლეტიკოს“ 4 ქულა აქვს. ასე რომ, ბოლო ორ ტურში ყველაფერი შესაძლებელია.
„ლივერპული“ – „ატლეტიკო“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 დიოგო ჟოტა (13), 2:0 მანე (21)
„მილანი“ – „პორტუ“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ლუის დიასი (6), 1:1 მბემბა (61, ა.გ)
C ჯგუფი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია ამსტერდამის „აიაქსი“, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ნიდერლანდელებმა „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდს“ დამაჯერებლად მოუგეს. „ბორუსია“ 37-ე წყთიდან მარკო როისის გოლით იგებდა, მაგრამ ბოლო 20 წუთში სტუმრებმა სამჯერ გაიტანეს და იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გერმენელები 29-ე წუთიდან მატს ჰუმელსის გაძევების შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ.
ამავე ჯგუფში ლისაბონის „სპორტინგმა“ ძალიან სუსტად მოთამაშე „ბეშიქთაში“ 4:0 გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გაიჩინა.
„აიაქსი“ 12 ქულით უკვე გავიდა და პირველი ადგილიც პრაქტიკულად დაბევებული აქვს. ამისთვის უბრალოდ ერთადერთი რამ არის საჭირო, სულ რომ ქულაც ვეღარ მოიპოვოს, შინ „სპორტინგთან“ 5 ბურთის სხვაობით არ უნდა წააგოს, რაც წარმოუდგენელი და შეუძლებელიცაა.
„დორტმუნდი“ და „სპორტინგი“ 6-6 ქულით იყოფენ მეორე ადგილს, ხოლო „ბეშიქთაშმა“ უქულოდ შანსი დაკარგა.
„დორტმუნდი“ – „აიაქსი“ 1:3 (1:0)
გოლი: 1:0 როისი (37, პენ), 1:1 ტადიჩი (72), 1:2 ალე (84), 1:3 კლაასენი (90)
„სპორტინგი“ – „ბეშიქთაში“ 4:0 (3:0)
გოლები: 1:0 გონსალვეში (31), 2:0 პედრო გონსალვეში (38), 3:0 პაულინიო (41), 4:0 სარაბია (56)
D ჯგუფი
მადრიდის „რეალი“ და მილანის „ინტერი“ პლეი-ოფს მიუახლოვდნენ. „სამეფო კლუბმა“ დონეცკის „შახტარს“ კარიმ ბენზემას დუბლით 2:1 მოუგო და კარლო ანჩელოტის გუნდმა ალბათ გადამწყვეტი გამარჯვება იზეიმა.
ტირასპოლის „შერიფის“ ზღაპარი კი ალბათ წარსულს ჩაბარდა, რადგან „ინტერთან“ ისევ წააგო. მოლდოველებმა პირველი ტაიმი გაძლეს, მაგრამ მერე 3 გოლი გაუშვეს და იმის მიუხედავად, რომ ბოლოს გაიტანეს, 1:3 წააგეს.
„რეალი“ 9 ქულით ლიდერია, „ინტერს“ 7 ქულა აქვს, „შერიფს“ 6 და „შახტარს“ 1. აშკარაა, რომ ესპანურ და იტალიურ გრანდს პლეი-ოფში გასვლის ძალიან დიდი შანსი აქვთ.
„შერიფი“ – „ინტერი“ 1:3 (0:0)
გოლები: 0:1 ბროჟოვიჩი (54), 0:2 შკრინიარი (66), 0:3 სანჩესი (82), 1:3 ტრაორე (90)
„რეალი“ – „შახტარი“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 ბენზემა (14), 1:1 ფერნანდო (39), 2:1 ბენზემა (61)