ჭიდაობა

22:48 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

აივენგო რიკაძე 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფრიდონ აბულაძე ბრინჯაოს დაეუფლა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით დასრულდა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან აივენგო რიკაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ფრიდონ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აივენგო რიკაძემ (82 კგ) ესტონელ რანეტ ლაიოლას 3:0 მოუგო, შემდეგ ფინელი ოტო ემელი კეტონენი 9:0, რუსი შამილ ოზაევი 5:3 და ნახევარფინალში ირანელი მოჰამად აზიზ ნაგუსი ასევე 5:3 დაამარცხა. ფინალში ქართველი ფალავანი შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეტშარტს დაუპირისპირდა, რომელიც 5:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ფრიდონ აბულაძეს (60 კგ), მაგრამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ყირგიზი ნურმუხამეტ აბდულაევი (3:2) და რუმინელი რაზვან არნო (7:4) დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ მეჰდი მოჰსენ ნეჰადთან 3:5 წააგო. ფრიდონმა ბრინჯაოს მედლისთვის ბოლო ქულის უპირატესობით (3:3) უზბეკი მუხამადკოდირ იუსუპოვი დაამარცხა.

ზუსტად იგივე გზა განვლო ჯონი ხეცურიანმა (67 კგ), რომელმაც ამერიკელ ალსტონ ჯონ ნუტერს 9:0, უზბეკ მაჰმუდ ბახშილოევს ბოლოს ქულის წყალობით (3:3) და ყირგიზ მარლენ ასიკეევს აჯობა (8:1), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ მოჰამად ჯავად რეზაეისთან 1:5 წააგო. თუმცა, მედალი მაინც ვერ მოიპოვა, რადგან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს მიახდი იახიაევთან 1:5 წააგო და კვარცხლბეკზე ვერ ავიდა.

ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა ოთარ აბულაძესაც (72 კგ), რომელმაც საუდის არაბეთის წარმომადგენელი ჰასან ალარტი 9:0 დაამარცხა, ამავე ანგარიშით ესპანელ მარკოს სანჩესიც დაამარცხა, მეოთხედფინალში კი სერგეი კუტუზოვთან 3:9 წააგო. თავის მხრივ, რუსი ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა, სადაც ირანელ ამირ ალი აბდისთან უშანსოდ 0:9 დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) ოქროს მედლებს, ხოლო ბრინჯაოს ფრიდონ აბულაძე (60 კგ) დაეუფლა.

0.123996