ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძე 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფალავანმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე პირველობაზე შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. გარდა ამისა, აივენგო რიკაძემ ფინალში გასვლა შეძლო და ოქროს მედლის შანსი აქვს.
ლერი აბულაძემ 63 კგ წონით კატეგორიაში თავიდან ყაზახი ასახაუტ მუხამადიევი 5:1 დაამარცხა, შემდეგ რუსი გეორგი თიბილოვი 7:3 და ირანელი ალი რეზა ოლა ნეჯატი 7:3 დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა. ლერი გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ აჰმეთ უიარს შეხვდა, რომელიც 3:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
84 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თემურ ჭკუასელიძე, რომელმაც სომეხ გევორქ ტადევოსიანს 8:0 მოუგო, მერე ბულგარელი სვატოსლავ ნიკოლოვი 10:1 და თურქი მუჰუტდინ სარიჩიჩეკი 8:5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თავად წააგო რუს ალექსანდრ კომაროვთან ბოლო ქულის წესით (7:7). ბრინჯაოს მედლისთვის ის ირანელ ნასერ გასემი ალიზადეს შეხვდა და პირველი პერიოდი 7:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ქართველი ფალავანი ვერაფერს გახდა, ფიზიკურად ძალიან დაღლილი გამოიყურებოდა, ზედზედ 15 ქულა მიიღო და ბრძოლა ვადაზე ადრე შეწყდა.
ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა 77 კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ჭიკაიძეს, რომელმაც საწყის წრეში ტუნისელ ლამიედ მააფის 8:5 მოუგო, მერე ირანელ ამინ იავარ კავინინეჯადთან 0:6 დამარცხდა, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენებური რეპეშაჟში გაიყოლა, რომლის პირველ წრეში ალბანელ არდიტ ნდოის გაეჯიბრა და მას 10:0 მოუგო, მერე კი თურქ ერქან ერგენს ბოლოს ქულის წყალობითაც აჯობა (2:2). თუმცა, ბრინჯაოს მედლის შეხვედრა რუს სერგეი სტეპანოვთან 0:10 დათმო და კვარცხლბეკზე ვერ ავიდა.
ფინალში იჭიდავებს აივენგო რიკაძე (82 კგ), რომელმაც ესტონელ რანეტ ლაიოლას 3:0 მოუგო, შემდეგ ფინელი ოტო ემელი კეტონენი 9:0, რუსი შამილ ოზაევი 5:3 და ნახევარფინალში ირანელი მოჰამად აზიზ ნაგუსი ასევე 5:3 დაამარცხა. ფინალში რიკაძე 3 ნოემბერს შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეტშარტს გაეჯიბრება და საქართველოსთვის მეორე ოქროს მედლის მოტანას ეცდება.
ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ფრიდონ აბულაძეს (60 კგ), რომელმაც ყირგიზი ნურმუხამეტ აბდულაევი (3:2) და რუმინელი რაზვან არნო (7:4) დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ მეჰდი მოჰსენ ნეჰადთან 3:5 წააგო. ფრიდონი ხვალ მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე კი რეპეშაჟის გამარჯვებული იქნება, რომლის ვინაობაც ხვალ გაირკვევა.
ზუსტად იგივე გზა განვლო ჯონი ხეცურიანმა (67 კგ), რომელმაც ამერიკელ ალსტონ ჯონ ნუტერს 9:0, უზბეკ მაჰმუდ ბახშილოევს ბოლოს ქულის წყალობით (3:3) და ყირგიზ მარლენ ასიკეევს აჯობა (8:1), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ მოჰამად ჯავად რეზაეისთან 1:5 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ხეცურიანი 3 ნოემბერს გავა ხალიჩაზე და მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.
ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ოთარ აბულაძესაც (72 კგ), რომელმაც საუდის არაბეთის წარმომადგენელი ჰასან ალარტი 9:0 დაამარცხა, ამავე ანგარიშით ესპანელ მარკოს სანჩესიც დაამარცხა, მეოთხედფინალში კი სერგეი კუტუზოვთან 3:9 წააგო. თავის მხრივ, რუსი ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა, სადაც აბულაძე ოთხშაბათს იასპარეზებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს შეხვდება.
97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ქაცანაშვილი ასპარეზობდა, რომელმაც თურქე ბეიტულა კაისდაგთან წააგო (5:5), თურქი ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა მოჭიდავემაც რეპეშაჟში ვერ გადაინაცვლა.