საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მოახლოებულ მატჩებზე კომენტარი გააკეთა და მათ შორის, კონკრეტულად საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.
როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველო კარგად ორგანიზებული გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს.
„არც ისე დიდი ხანია ბოლო შეკრებიდან გასული და ფეხბურთელებმა იციან, როგორ უნდა ვითამაშოთ, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეკრებისთვის მოკლე დროა და საქმე ნამდვილად სწორი დამოკიდებულებით უნდა გავაკეთოთ. ცხადია, მატჩებს შორის ენერგიის აღდგენაც მნიშვნელოვანი იქნება. საქმე თანმიმდევრობით უნდა გავაკეთოთ და პირველ რიგში, საქართველოსთან მატჩისთვის ისე კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული, როგორც არასდროს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ზლატანი შეძლებს თამაშს და თავისი წვლილის შეტანას. მასთან ბევრი საუბარი გვქონდა და ძალიან სურს ეროვნულ ნაკრებში თამაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთ გადამწყვეტ სიტუაციაში ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა კარგია.
დიდი ხანი გავიდა საქართველოსთან საშინაო მატჩის შემდეგ, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერი გუნდია, რომელიც კარგად ორგანიზებულია და კარგი მოთამაშეები ჰყავს. თუმცა, კარგად მოვემზადებით და ფეხბურთელებს ყველა პირობას შევუქმნით კარგად თამაშისთვის.
ესპანეთის ნაკრები? ეს არის მსოფლიო დონის გუნდი, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში მეხუთედ შევხვდებით, ამიტომ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. წინა ოთხი თამაშიდან 1 მოვიგეთ და ორჯერ ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ეს ახალი მატჩია და მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო თვისებები გამოვხატოთ, რათა კარგ შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში 4 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო შვედეთი 15 ქულით ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს. საქართველო შვედეთთან 11 ნოემბერს, ბათუმში გასამართი მატჩით შესარჩევ ეტაპს დაასრულებს, ხოლო შვედები 14 ნოემბერს, ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდებიან და პირველი ადგილის ბედიც ამ შეხვედრაში გაირკვევა.