ჩოგბურთი

2:01 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტავეიტი WTA-ს ფინალში ითამაშებს

ესტონელმა ანეტ კონტავეიტმა სეზონის ბოლო, რჩეულთა ტურნირზე თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ტრანსილვანიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. 25 წლის ესტონელმა ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი (6-2, 6-3) დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა.

ამ მოგებით, კონტავეიტმა WTA-ს რეიტინგის მოწინავე ათეულში (მერვე ადგილზე) პირველად შეაღწია. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ გვადალახარაში, WTA-ს ფინალში ითამაშოს.

„ჯერაც არ მჯერა, რომ ამ ტურნიზე გამოვალ. მიხარია, რომ დღეს კარგად ვითამაშე და ფინალი მოვიგე. მთავარი სწორედ გამარჯვება იყო. და ვამაყობ იმით, რომ ეს შევძელი. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე წინა წლებში, რაც ჩემს შედეგებზე აისახება“, - ამბობს კონტავეიტი, ვინც WTA-ს ფინალში მერვე ადგილი, ტუნისელ ონს ჯაბურს დაათმობინა.

„ვწუხვარ ონს, რომ სწორედ შენ წაგართვი ეს ადგილი. იმედ მაქვს, რომ მომავალ სეზონში იქ ორივე ვითამაშებთ“, - მიმართა კონტავეიტმა ჟაბურს. ესტონელმა თავის კარიერაში პირველად შეძლო მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, ჰალეპის დამარცხება. და ეს მის მიერ გამართუულ ბოლო 28-ე შეხვედრაში, 26-ე გამარჯვება იყო.

ჯაბურმა კონტავეიტს ტვიტერზე მიულოცა და ისიც დაამატა, რომ გვადალახარაში რეზერვში იქნება და შესაძლოა, თამაშმა მასაც მოუწიოს. და ხუმრობით დაამატა, რომ თუ ასე მოხდა, სამაგიეროს იქ გადაუხდის.

WTA-ს ფინალი მექსიკის ქალაქ გვადალახარაში 10-17 ნოემბერს გაიმართება. კონტავეიტთან ერთად, იქ ითამაშებენ: ბელარუსი არინა საბალენკა, ბერძენი მარია საკარი, ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, პოლონლი იგა სვიატეკი, ესპანელი გარბინე მუგურუსა და ესპანელი პაულა ბადოსა.

0.139987