ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (2 ფრე, 3 წაგება). ლეონიდ სლუცკის გუნდმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-სთან მოიპოვა.
მატჩი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, რაც თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ცვლილებაზე შესულმა მიხაილ კოსტიუკოვმა თავით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 1:0.
ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი კვლავ ჩრდილში იყო. მიმდინარე სეზონში ხვიჩა ისეთი ეფექტური არ არის, როგორც შარშან იყო. ცდილობდა აქტიურობას, მაგრამ განსაკუთრებული მარგი ქმედებების გარეშე. 37-ე წუთზე ქართველი შემტევი პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ სიმულაციის გამო გააფრთხილეს.
„რუბინმა“ ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 7 ნოემბერს, სტუმრად „როსტოვს“ შეხვდება.