ფეხბურთი

21:35 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "მოუთმენლად ველოდებით მომავალ შეხვედრას"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ კრიზისები მისთვის უცხო არაა და სამუშაოს შენარჩუნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ჯერჯერობით ნორვეგიელი სპეციალისტი კლუბის თავკაცის პოსტზე მაინც დატოვეს, მას შემდეგ რაც გუნდმა "ლივერპულთან" 0:5 წააგო და რამდენიმე ფეხბურთელმა სულშერის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა. ახლა კი, სულშერის მიმართ ყურადღება მაქსიმალურად არის გამახვილებული და ნორვეგიელი პოზიტიურად ელოდება "ტოტენჰემთან" თამაშს, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება.

"როგორც მოთამაშეს და როგორც მწვრთნელს "მანჩესტერ იუნაიტედში" ცუდი მომენტები მქონია. ასე რომ წარუმატებლობასთან გამკლავება მიწევდა. როდესაც მწვრთნელი გავხდი, ორი-სამი კრიზისი გვქონდა, თუმცა ერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ." - ციტირებს Sky Sports-ი სულშერის სიტყვებს.

გუნდს დაუბრუნდნენ რაფაელ ვარანი და ანტონი მარსიალი. ფრანგი მცველის გამოჯანმრთელება გუნდს აშკარად წაადგება, რადგან "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერლიგის ბოლო ორ შეხვედრაში ცხრა გოლი გაუშვა. ლიგის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მთელი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად. გუნდმა მძიმე მარცხი განიცადა "ლივერპულთან" და მოგება ძალიან სჭირდება, რადგან ბოლო ოთხ შეხვედრაში გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.

"რთული კვირა გამოვიარეთ და მოგვიწია გაგვეაზრებინა "ლივერპულთან" განცდილი მარცხი და ასპარეზობა. ეს არის ის რასაც ფეხბურთელები უნდა გაუმკლავდნენ, მოუთმენლად ველოდებით მომავალ შეხვედრას და დარწმუნებულები ვართ, რომ მზად ვართ ამ მატჩისთვის. სავარჯიშოდ კარგი კვირა გვქონდა. რეაქცია გვჭირდება, ჩემი საქმეა ფეხბურთელების გონება სწორად მოვაწყო. უნდა ვიმუშაოთ მოედანზე და ყველაფერზე, რაც საჭიროა სტრატეგიისთვის, გეგმისთვის და ტაქტიკისთვის. ვგრძნობ, რომ მოთამაშეები ყველაფრის გასაკეთებლად მზად არიან, როგორც ყოველთვის. გასულ თამაშში კი გეგმის მიხედვით არაფერი წავიდა და ჩვენი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ." - განაცხადა ნორვეგიელმა.

სერ ალექს ფერგიუსონი კლუბის სავარჯიშო მოედანს ეწვა და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შოტლანდიელი ცდილობდა კრიზისულ სიტუაციაში სულშერის მდგომარეობა გაემყარებინა. თუმცა ნორვეგიელმა განაცხადა, რომ ფერგიუსონის ვიზიტი მანამდე იყო დაგეგმილი და ამ მარცხთან კავშირი არ ჰქონია.

"მას კომერციული მიზნით ჰქონდა ჩვენთან შეხვედრა დაგეგმილი. ცოტა ხნით ვესაუბრე და ასევე კომუნიკაცია ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუსთან." - განმარტა სულშერმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში ცხრა ტურის შემდეგ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პირველადგილოსან "ჩელსის" რვა ქულით ჩამორჩება. "წითელი ეშმაკები" მომავალ მატჩს 30 ოქტომბერს ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.116717