ფეხბურთი

17:05 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში სამი მეოთხედფინალური თამაში გაიმართა და შესაბამისად, სამი ნახევარფინალისტი გაირკვა.

ტიტულისთვის ბრძოლას „სამგურალი“, „შუქურა“ და „საბურთალო“ აგრძელებენ. ასპარეზობას გამოეთიშა შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული „გაგრა“, რომელმაც ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დამარცხდა. ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 54-ე წუთზე კი ფარულავას გოლით „გაგრა“ დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, აჭარლებმა დაქამბექება მოახერხეს ლევან ინგოროყვასა და ჟუნინიო კაბრალის გოლებით და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

„საბურთალომ“ ქვედალიგელი „გარეჯი“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ლევან ნონიკაშვილმა სტუმრები დააწინაურა, მერე კი ფრანსისკო ბრავომ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე იური ტაბატაძემ შორი მანძილიდან გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

დამატებითი დრო გახდა საჭირო „გორისა“ და „სამგურალის“ მატჩში. სოსო ფრუიძის გუნდი გიორგი ბუხაიძის გოლით დაწინაურდა, რასაც ბარამიძემ უპასუხა და ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის გმირი ილია ახვლედიანი გახდა, რომელმაც 101-ე წუთზე გორელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, როგორც ხედავთ, სამივე შეხვედრაში სტუმრებმა მოიგეს და სამივემ ერთნაირი ანგარიშით - 2:1. საქართველოს თასის ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ წყვილში გაირკვევა, რომელშიც თბილისის „ლოკომოტივი“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს.

„გორი“ – „სამგურალი“ 1:2 დ.დ (0:1)

გოლები: 0:1 ბუხაიძე (19), 1:1 ბარამიძე (68), 1:2 ახვლედიანი (101)

„გაგრა“ – „შუქურა“ 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 ფარულავა (54), 1:1 ინგოროყვა (72), 1:2 კაბრალი (83)

„გარეჯი“ – „საბურთალო“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (21), 1:1 ბრავო (31), 1:2 ტაბატაძე (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133251