სხვა

3:38 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იამაიკელი ფრეიზერ-პრაისი პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს

იამაიკელი სპრინტერი, 34 წლის შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი ამბობს, რომ ის ჯერაც საუკეთესო ფორმაშია, რასაც მის მიერ, აგვისტოში ნაჩვენები, მსოფლიოს ყველა დროის მესამე საუკეთესო დრო ადასტურებს. ეს კი მას აძლევს იმის საფუძველს, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლაზე იფიქროს.

ფრეიზერ-პრაისს პეკინის და ლონდონის ოლიმპიადებზე, 100 მეტრზე სპრინტში ოქროს მედლები აქვს მოპოვებული. ტოკიოში კი ვერცხლს დასჯერდა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ოქრო მოიპოვა. მის ანგარიშზე სულ რვა ოლიმპიური მედალია.

მის ანგარიშზე ასევე მსოფლიო ჩემპიონის 9 ოქროს მედალია. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულებიდან მალევე, მან ბრილიანტის ლიგის ლოზანას შეხვედრაზე, ასი მეტრი 10.60 წამში გაირბინა, რაც ყველა დროის მესამე საუკეთესო დროა.

ტოკიოს შემდგ, ფრეიზერ-პრაისი ამბობდა, რომ პარიზში გამოსვლა მისთვის შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ ოლიმპიურ სეზონში მისი ფორმა აძლევს იმის იმედს, რომ პარიზისთვისაც შეძლებს მომზადებას.

„ადრე ვფიქრობდი, რომ პარიზი მიუღწეველი იქნებოდა. მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ მეტი შემიძლია. ამჟამდ იმას ვფიქრობ, რომ ორეგონის მსოფლიო ჩემპიონატზე (2022 წელი) ტიტული დავიცვა. მერე კი პარიზზე უფრო სერიოზულად დავფიქრდები“, - ამბობს ფრეიზერ-პრაისი და დასძენს, რომ 10.50 წამში გარბენაც შეუძლია.

ცნობისათვის, მსოფლიო რეკორდი - 10.49 წამი, 1988 წლიდან ამერიკელ ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს ეკუთვნის. მეორე საუკეთესო შედეგი იამაიკელი ელეინ თომას-ერას ანგარიშზე, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, შემდეგ კი, ბრილიანტის ლიგის იუჯინის (შტატი ორეგონი) შეხვედრაზე, 10.54 წამი დააფიქსირა.

0.114176