მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ოსასუნასთან" მატჩის წინ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ძველი ფორმის დასაბრუნებლად და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბევრი შრომა სჭირდება.
"აზარის პრობლემა ახლა არის ის, რომ სხვა ფეხბურთელებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე მას. თუმცა ეს პროცესი ნორმალურია ასეთ დიდ კლუბში. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს მუშაობის მოტივაცია. მას აქვს ყველა თვისება, რომ იყოს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი და იყოს წარმატებული მოთამაშე. ბელგიელი ნელ-ნელა უბრუნდება ყოფილ ფორმას. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში ის მაინც გამოიჩენს თავს.“ - ციტირებს ESPN-ი იტალიელის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში ედენ აზარმა რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე საშუალოდ 48 წუთს ატარებს. ბელგიელმა თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.