პენზიდან შინ მობრუნებული ‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ჩაიკეტა და რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე მატჩისთვის მზადებას შეუდგა.
ტურნირის მეოთხე ტურში ის აღმოსავლეთ კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს, კრასნოიარსკის ‘ენისეის’ 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება.
1975 წელს დაარსებული კლუბი რუსეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა და 2015 წლიდან ევროტურნირებში ჩაერთო. კონტინენტის ფარის ორჯერ მოგებით ის რამდენჯერმე თამაშობდა ჩელენჯ ქაფზე და დამარცხებული ყავს ისეთი გუნდები, როგორებიც ‘ბრივი’, ‘ნიუკასლი’, ‘ვუსტერი’ და ‘ნიუპორტი’ არიან.
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ორ მატჩში, ‘ენისეიმ’ რუსულ დერბიში სექტემბერში ორჯერ დაამარცხა ‘ლოკომოტივ-პენზა’ – 22:6 და 44:21 და ორივეჯერ აიღო ბონუსი. გასულ შაბათს კრასნოიარსკელებმა მოსკოვში ‘თელავივ ჰითთან’ 31:34 წააგეს, თუმცა გაწითლებულ დროზე გატანილმა ლელომ, მასპინძლებს ნუგეშის ქულა შესძინა და ამან მათ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნების (11 ქულა 3 თამაშიდან) შესაძლებლობა მისცა.
‘შავი ლომი’ ტურნირში 10 დღის წინ ჩაერთო და ჯერ ავჭალაზე ‘ჰითი’ დაამარცხა ბონუსით – 33:10, მერე პენზაში მოუგო ‘ლოკომოტივს’ (27:11) და 10 ქულით მეორე ადგილზეა.
განვლილი შეხვედრის შედეგით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:
„კმაყოფილი ვარ, რადგან გასვლით შეხვედრაში დაგეგმილი გამარჯვება მოივიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, გვქონდა პრობლემები, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული: პირველი ეს არის ქარი და მძიმე მოედანი, რომელმაც თამაშს თავისი ხელი დაატყო და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები. მსაჯზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რეალურად ამან წნეხის ქვეშ მოგვაქცია. აქ პოზიტივი ისაა, რომ მოთამაშეები ასეთ პირობებში თამაშსაც უნდა მიეჩვიონ. ჩვენი მოთამაშეების ნაწილს დებიუტი ქონდა საერთაშორისო არენაზე და ამ კუთხითაც კარგი პრაქტიკა გავიარეთ. გვქონდა ვიდეო ანალიზი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეცდომები მომავალი მატჩისთვის დაფიქსირებული გვექნება“.
‘ლოკომოტივ-პენზასთან’ გამარჯვების შემდეგ, გუნდი შინ დაბრუნდა, კვირას დაისვენა, ორშაბათი აღდგენას დაეთმო, გუშინ და დღეს კი სრულფასოვანი ვარჯიშები ჩატარდა. ხუთშაბათს ბიჭებს კვლავ დასვენების დღე ექნებათ, პარასკევს კი სოჭში მიემგზავრებიან.
„‘ენისეი’ როგორც შემადგენლობით, ასევე თამაშის სტილით, ფაქტიურად რუსეთის ნაკრებია, გაძლიერებული სამხრეთ აფრიკელი მოთამაშეებით. ამ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს, თავდაჯერებული და შეთამაშებულია. სოჭში იოლი გასეირნება არ გველოდება. 9 და 10 ნომერი ფეხით კარგად თამაშობენ, რაც ახალი წესების გათვალისწინებით ყურადსაღებია. ვეცდებით მაქსიმალურად შევზღუდოთ მეტოქე და მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და გავიმარჯვოთ“ – ამბობს მაისაშვილი.
რაგბი ევროპის სუპერ თასი აღმოსავლეთ კონფერენცია 30 ოქტომბერი. IV რაუნდი
ენისეი სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო)
ლოკომოტივ-პენზა (რუსეთი) – თელავივ ჰითი (ისრაელი)
ენისეი | 3 | 2 | 0 | 1 | 97-61 | 11 |
შავი ლომი | 2 | 2 | 0 | 0 | 60-21 | 10 |
ჰითი | 2 | 1 | 0 | 1 | 44-64 | 4 |
ლოკ. პენზა | 3 | 0 | 0 | 3 | 38-93 | 0 |