ჩოგბურთი

4:07 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბარტი WTA-ს ფინალში არ ითამაშებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი WTA-ს ფინალში თავისი ტიტულის დაცვას არ აპირებს. მან უკვე დაასრულა მიმდინარე სეზონი და ამბობს, რომ ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებას შეუდგა.

სეზონის დამამთავრებელი ტურნირი ბოლოს 2019 წელს გაიმართა. მაშინ მას ჩინეთის შენჟენმა უმასპინძლა. შარშან ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამართულა. წელს კი პრესტიჟულ ტურნირს, რომელშიც რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელები თამაშობენ, მექსიკის გვადალახარა, 10-17 ნოემბერს უმასპინძლებს.

„მინდოდა ყველას გაეგო, რომ ამ სეზონში არცერთ ტურნირზე თამაშს აღარ ვაპირებ. მათ შორის, არც WTA-ს ფინალში ვითამაშებ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ყველაზე მეტად, ჩემს სხეულზე უნდა ვიზრუნო და ის დატვირთული სეზონის შემდეგ დავასვენო“, - ამბობს ბარტი, ვინც ამ სეზონში ხუთი ტურნირი მოიგო, მათ შორის, უიმბლდონი.

ბარტი ავსტრალიაში სექტემბერში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა. ის არც ავსტრალიის ნაკრებში შეიყვანეს, რომელიც პრაღაში, ბილი ჯინ კინგის თასის ფინალში ითამაშებს.

25 წლის ბარტის მთავარი მიზანი ახლა ავსტრალიის ღიასთვის მზადებაა, რომელზეც წელს მხოლოდ მეოთხედფინალს მიაღწია. ის ამბობს, რომ სეზონის ნაადრევად დასრულების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვინსლენდში დაბრუნების შემდეგ, კარანტინის გავლა მოუწევს, რაც ბევრ დროს დააკარგვინებს და ავსტრალიის ღიასთვის მზადებაში შეუშლის ხელს.

„ახლა ჩემი მიზანი ავსტრალიის ზაფხულისთვის მზადება და ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებაა. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც ში თამაშს ისევ შევძლებ“, - ამბობს ბარტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125865