ფეხბურთი

19:16 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "მამარდაშვილით კმაყოფილები ვართ, ძირითადში ადგილი მხოლოდ ერთი მიზეზით დაკარგა"
"4 მეკარე გვყავს და საჭიროების შემთხვევაში სათამაშოდ ყველა მზადაა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სევილიის „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ 21 წლის ქართველი მეკარით კმაყოფილები არიან და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მას გაშვებული გოლების გამო არ დაუკარგავს.

როგორც ბორდალასმა აღნიშნა, „ვალენსიას“ ოთხი კარგი მეკარე ჰყავს და სათამაშოდ ყველა მათგანი მზადაა თუ ამის საჭიროება იქნება.

„იქნება თუ არა „ბეტისთან“ მეკარის პოზიციაზე ცვლილება? როგორც იცით, რამდენიმე მეკარე გვყავს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ და სადებატო ამ კუთხით არაფერია. საბოლოოდ, საჭიროების შემთხვევაში ყველა მეკარე სათამაშოდ მზადაა. სილესენი კარგად მუშაობს, მაგრამ კიდევ სამი კიპერია და ამ თემაზე ოჩოტორენასთან (ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი - რედ) ხშირად ვსაუბრობ. გაშვებულ გოლებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მეკარეს არ შეიძლება დაეკისროს. გიორგი სასტარტო შემადგენლობიდან არა გაშვებული გოლების გამო, არამედ იმოტომ ამოვარდა, რომ ემოციურად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა და ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. კმაყოფილები ვართ მისით, თუნდაც ახლა სხვა მეკარეს ვამჯობინებდეთ“, - თქვა მატჩის წინ ბორდალასმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის საწყის ექვს ტურში შეუცვლელად ითამაშა, ორჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო, ხოლო პირველ ტურში „ხეტაფესთან“ ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს. გიორგიმ მანამდე თავი პრესეზონის ფარგლებში შესანიშნავად ითამაშა და თავიც სწორედ მაშინ გამოიჩინა. მამარდაშვილმა ბოლოს 22 სექტემბერს, „სევილიასთან“ ითამაშა და ის „ვალენსიაში“ ერთწლიანი იჯარითაა. „ღამურების“ კარს ბოლო ოთხი ტური სილესენი იცავდა, მაგრამ გუნდს ცუდი სერია აქვს და ბოლო 6 მატჩია არ მოუგია, რის გამოც სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეათე ადგილზეა. „ბეტისთან“ მატჩი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

0.151513