ჩოგბურთი

1:00 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღიაზე არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს კარანტინის შემდეგ დაუშვებენ

საჩოგბურთო სამყაროში ბოლო დღეებში მთავარი თემა, ავსტრალიის ღია პირველობაზე, არავაქცინირებული ჩოგბურთელების საკითხია. როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორებმა, შტატ ვიქტორიას და ქვეყნის ხელისუფლებმა, კომპრომისს მიაღწიეს. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობისთვის, არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს, ორი კვირის კარანტინში გატარება მოუწევთ.

ეს ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია და ერთ-ერთმა თავისუფალმა ჟურნალისტმა მოიპოვა. WTA-ს ტურმა თავის ჩოგბურთელებს წერილები დაუგზავნა, რომლებშიც მელბურნში თამაშისთვის საჭირო პირობები ეწერა. სწორედ ეს ინფორმაცია გამჟღავნდა.

ავსტრალიის იმიგრაციის სამსახურს და შტატ ვიქტორიას ხელისუფლებას სურდათ, რომ ტურნირზე მონაწილეობისთვის, მხოლოდ ვაქცინირებულები დაეშვათ. მაგრამ WTA-ს და ATP-ის ჩოგბურთელთა დიდ ნაწილს, ვაქცინაცია გავლილი არ აქვთ და შესაბამისად, ისინი დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლას ვერ შეძლებდნენ.

მაგალითად, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი წინააღმდეგია იმისა, რომ საკუთარი ვაქცინაციის სტატუსი გაასაჯაროოს. კარანტინი მისთვის შეიძლება შეღავათად ჩაითვალოს, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ მის ინტერესებში არც კარანტინში ორი კვირის დაკარგვა იქნება.

შტატ ვიქტორიას სპორტის მინისტრი მარტინ პაკულა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. და ის ფიქრობს, რომ ეს საკითხი ღიად კიდევ რამდენიმე კვირა დარჩება.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, მელბურნში ორკვირიანი კარანტინი მოქმედებდა, მაგრამ ჩოგბურთელებს სასტუმროდან სავარჯიშოდ გასვლის უფლება ჰქონდათ. შესაძლოა, ეს გამონაკლისი, მომავალი სეზონისთვისაც დაუშვან და ეს ბევრ რამეს შეცვლის.

ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს 17 იანვარს აიღებს.

0.117905