ავტოსპორტი

3:07 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ტექსასში მოიგო და უპირატესობა გააორმაგა

დღეს მაქს ფერსტაპენმა ოსტინში (ტექსასი) აშშ-ის დიდი პრიზი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც სტარტიდანვე დაიწყო და ფინიშამდე არ განლებულა, მან ლუის ჰამილტონს აჯობა და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე, მას უკვე 12 ქულას უგებს.

ჰამილტონმა სტარტზე შეძლო ფერსტაპენის ჩამოტოვება, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. მაგრამ „რედ ბულის“ რისკიანმა სტრატეგიამ, რომელიც ორ ნაადრევ პიტ სტოპზე იყო აგებული, ჰოლანდიელს ლიდერობის დაბრუნების საშუალება მისცა. ბოლოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი უფრო სწრაფი იყო და ლიდერს ბოლო წრეებზე დაეწია, მაგრამ ეს გასასწრებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინიშთან ისინი 1.333 წამმა დააშორა. ჰამილტონმა ბონუს ქულა რბოლის უსწრაფესი წრისთვის დაიმსახურა. მესამე ადგილი სერხიო პერესმა დაიკავა.

„ვფიქრობ, დღეს 25 წელი მომემატა. ნამდვილად არ მეგონა, რომ გავუძლებდით“, - რბოლის შემდეგ განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში მერვე გამარჯვებაა.

ფერსტაპენმა პირველი პიტ სტოპი მე-11 წრეზე შეასრულა, ჰამილტონმა კი ეს სამი წრის დაგვიანებით გააკეთა და ამით „რედ ბულის“ პილოტმა ლიდერობა დაიბრუნა. ჰამილტონი ფერსტაპენს თანდათან უახლოვდებოდა, მაგრამ სანამ დაეწეოდა, 30-ე წრეზე „რედ ბულმა“ თავისი ლიდერი მეორედ იხმო ბოქსებში.

ამჯერად „მერსედესმა“ ჰამილტონი ბოქსში შვიდი წრის დაგვიანებით გამოიძახა, პიტ სტოპის შემდეგ კი ბრიტანელი მეტოქეს უკვე 8 წამზე მეტით ჩამორჩებოდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფერსტაპენს ლიდრის პოზიცია აღარ დაეთმო.

„სტარტზე წავაგეთ და ამიტომ, რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. ამ ტრეკზე საბურავები ინტენსიურად ცვდება. ჩვენ აგრესიული სტრატეგია ავირჩიეთ და დარწმუნებული არ ვიყავით, რომ ეს მოგვაგებინებდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წრე საკმაოდ სახალისო გამოდგა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

„ძალიან რთული რბოლა იყო. კარგი სტარტი ავიღე და მთელი რბოლის განმავლობაში, თავი არ დამიზოგავს. მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მათ დარჩათ. ჩვენ მეტი არ შეგვეძლო“, - განაცხადა ჰამილტონმა.

მომდევნო რბოლა მექსიკო სიტიში, 7 ნოემბერს გაიმართება.

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი, დისტანცია 308.896 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1:34'36.552
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.333
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 42.223
  4. შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 52.246
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'16.854
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'20.128
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'23.545
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'24.395
  9. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  16. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 7 წრე
  19. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 16 წრე
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 42 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:38.485 (41-ე წრე, 201.521 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 287.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 275.5; 3. ვალტერი ბოტასი - 185; 4. სერხიო პერესი - 150; 5. ლანდო ნორისი - 149; 6. შარლ ლეკლერი - 128; 7. კარლოს საინსი - 122.5; 8. დანიელ რიკარდო - 105; 9. პიერ გასლი- 74; 10. ფერნანდო ალონსო - 58; 11. ესტებან ოკონი - 46; 12. სებასტიან ფეტელი - 36; 13. ლანს სტროლი - 26; 14. იუკი ცუნოდა - 20; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. ნიკოლას ლატიფი - 7; 17. კიმი რაიკონენი - 6; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა (პოლონთი, ალფა რომეო) და ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 460.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 437.5; 3. მკლარენ-მერსედესი - 254; 4. ფერარი - 250.5; 5. ალპინ-რენო - 104; 6. ალფატაური-ჰონდა - 94; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 62; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 7; 10. ჰაას-ფერარი - 0

0.178648