სხვა

22:27 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარტარარო მოტოგრანპრის ჩემპიონი გახდა

„იამაჰას“ ფაბიო კვარტარარო გახდა პირველი ფრანგი მოტომრბოლი, ვინც მოტოგრანპრის მსოფლიო ჩემპიონის წოდებას დაეუფლა. მისანოს ტრეკზე, ემილია რომანიას დიდი პრიზის რბოლა მან მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც ტიტულის გასანაღდებლად საკმარისი აღმოჩნდა.

კვარტარაროს მთავარ კონკურენტს, „დუკატის“ იტალიელ ფრანჩესკო ბაგნაიას, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, ავარია მოუვიდა და რბოლას ფინიშამდე ხუთი წრით ადრე გამოეთიშა. გამარჯვება კი „ჰონდას“ ესპანელმა მარკ მარკესმა მოიპოვა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე, კვარტარაროსთვის ჩემპიონის წოდების გასანაღდებლად, მეოთხე ადგილიც საკმარისი აღმოჩნდა.

„ამის დაჯერება მიჭირს. საოცარია, ახლა მე ალბათ სიზმარში ვიმყოფები. ჩემი ოჯახი ჩემთანაა, ამაღამ აუცილებლად აღვნიშნავთ და ასე სეზონის დასრულებამდე გავაგრძელებთ“, - განაცხადა 22 წლის კვარტარარომ.

ამგვარად, მოტოგრანპრიში დასრულდა ესპანელი მრბოლების თითქმის ათწლიანი ბატონობა, რომლის განმავლობაშიც, მარკესმა ექვსი ტიტული მოიპოვა, „იამაჰას“ ხორხე ლორენცო ორჯერ გახდა ჩემპიონი, ერთ ტიტულს კი „სუზუკის“ ხოან მირი დაეუფლა. ბოლო არაესპანელი ჩემპიონი კეისი სტოუნერია, ვინც „ჰონდასთან“ ერთად, 2011 წელს დომინირებდა.

რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა „ჰონდას“ ესპანელმა პოლ ესპარგარომ. ვარტარაროს მესამე ადგილის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო წრეზე მას „ავინტია ესპონსორამას“ იტალიელმა ენეა ბასტიანინიმ გაასწრო. ამან რბოლა მე-16 პოზიციიდან დაიწყო და კვარცხლბეკამდე მიაღწია.

მისანოს საშინაო ტრეკზე ბოლო გამოსვლა ჰქონდა ლეგენდარულ ვალენტინო როსის, ვინც ფინიშთან მე-10 მივიდა. 42 წლის მრბოლი, ამ სეზოინს ბოლოს, თავის კარიერას დაასრულებს.

0.115523