ფეხბურთი

16:44 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "სამტრედიასთან" წააგო, "ლოკომოტივმა" "შუქურას" აჯობა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტური სენსაციურად დაიწყო და „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სამტრედიასთან“ დამარცხდა.

ერთი ჩემპიონობასთან ახლოსაა, მეორე ბოლო ადგილზეა და გადარჩენის არცთუ დიდი შანსი აქვს. იმერული გუნდი მატჩამდე გია ცეცაძემ დატოვა და ამ შეხვედრაში ლერი მიგენეიშვილმა უხელმძღანელა, რომელმაც გუნდს უმნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ „სამტრედიას“ 45-ე წუთზე გიორგი ახალაძე გაუგდეს და მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა, მაგრამ პრაქტიკულად ერთადერთი რეალური მომენტი გოლად აქცია და მოიგო. გოლამდე „დინამო ბათუმს“ არაერთი შანსი ჰქონდა, ყველაზე რეალური კი 58-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გაიტანა და ბექა ქურდაძემ აჯობა. 90-ე წუთზე კი ანატოლი მესიაჩენკომ ითამაშა შესანიშნავად და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„დინამო ბათუმს“ 64 ქულა აქვს და კვლავ ლიდერია, თუმცა, შესაძლოა „დინამო თბილისი“ მიუახლოვდეს, ხოლო „სამტრედიამ“ 20 ქულა დააგროვა და „შუქურას“ 6 ქულამდე მიუახლოვდა.

ქობულეთელები ამ ტურში შინ თბილისის „ლოკომოტივთან“ 0:1 დამარცხდნენ. გამარჯვების გოლი დავით უბილავამ გაიტანა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 47 ქულას მოუყარა თავი.

„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მესიაჩენკო (90)

„შუქურა“ – „ლოკომოტივი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 უბილავა (36)

0.121856