ფეხბურთი

21:51 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის ტრანსფერის ამბავი

„ჩემი ნება რომ იყოს, კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი მერსისაიდში. მართალი გითხრათ, ახლა „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაში ვერ წარმომიდგენია. მაგრამ გადაწყვეტით ვერაფერს გეტყვით.

ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. ვნახოთ რა იქნება ახლო მომავალში.“ - უთხრა „ლივერპულის“ ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა ტელეარხ Sky-ს.

მართლაც ყველაფერი მასზე არ არის დამოკიდებული. კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, ის კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არსებულ ხელშეკრულებას კი ვადა 20 თვის შემდეგ გასდის.

ახლა მო კვირაში ჯამაგირად 200 ათას გირვანქას იღებს (წელიწადში 10 მილიონ 400 ათასი). მეტი მხოლოდ ნიდერლანდელ ვირჯილ ვან დეიკს აქვს (220 ათასი).

ამ ვითარებას კრიტიკოსებიც ჰყავს. მაგალითად, „ასტონ ვილას“ ყოფილმა შემტევმა, გაბი აგბონლაჰორმა TalkSport-ს უთხრა: „ის ამბობს: თუ მე მო სალაჰი ვარ, მაშინ 1 გირვანქით მეტი მინდა, ვიდრე პრემიერლიგის ყველაზე მაღალანზღაურებად ფეხბურთელს აქვს. თუ ამდენს არ მაძლევთ, მაშინ სხვაგან წავალ. ჩემს გარეშე „ლივერპულს“ შანსი არ აქვს.“

მაგრამ „წითლების“ დამრიგებელი, იურგენ კლოპი, ეგვიპტელით აღფრთოვანებულია და რონალდუსაც კი ადარებს მას: „რონალდუ და სალაჰი? ორივე მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან. ვიტყოდი, რომ მარცხენა ფეხი სალაჰს უკეთესი აქვს. ჰაერში და მარჯვენა ფეხით თამაშში პორტუგალიელი ჯობნის. სისწრაფე ორივეს ფანტასტიკური აქვს. მთავარი კი, რაც მათ აერთიანებთ, ეს 100 პროცენტიანი პროფესიონალოზმია.“- ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (3:2), სალაჰმა დუბლი შეასრულა და მერსისაიდელთა 129 წლიან ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ 9 მატჩში შეძლო გატანა. მანამდე მიჯრით 8 შეხვედრაში თავი გამოეჩინათ: დიკ ფორშოუს (1924 წელს), ჯონ ოლდრიჯს (1989) და დანიელ სტარიჯს (2014).

გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში, 29 წლის აფრიკელმა ჯამში 11 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა.

„ლივერპული“ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეთამაშება და თუ სალაჰმა გაიტანა, ის პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც სამჯერ ზედიზედ გაიტანს სტუმრად „ოლდ ტრაფორდზე.“

0.130505