ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-2 ტურის მორიგი მატჩები გაიმართა. ტურის ყველაზე უხვქულიანი შეხვედრა კი „ვაშინგტონ უიზარდსსა“ და „ინდიანა პეისერსს“ შორის შედგა, რომლის ბედიც ოვერტაიმმა გადაწყვიტა.
ძირითად დროში გუნდებმა 125:125 ითამაშეს, შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მესამე მეოთხედის მიწურულს უეს ანსელდის გუნდი 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა, „პეისერსმა ბოლო 12-წუთეულში საქმე დამატებით ტაიმამდე მიიყვანა, რომელიც ვაშინგტონელებმა 1 ქულით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „ინდიანამ“ წინა შეხვედრაც სწორედ 1-ქულიანი სხვაობით დათმო და ზედიზედ მეორე მარცხი აქვს.
ყველაზე დიდი მოლოდინი იყო, ათამაშებდა თუ არა რიკ კარლაილი გოგა ბითაძეს, თუმცა წინა შეხვედრის მსგავსად, ქართველი ცენტრი მხოლოდ განაცხადში მოხვდა. 61 წლის სპეციალისტმა სასტარტო ხუთეულის გარდა, შეცვლებზე მხოლოდ 5 მოთამაშე გამოიყვანა.
საოცარი მატჩი ჩაატარა „ინდიანას“ ცენტრმა მაილს ტერნერმა. 25 წლის ამერიკელმა 43:36 წუთში 40(!) ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება გამოიმუსავა, რომლითაც ორმაგი დუბლიც გაიფორმა. „პეისერსიდან“ ასევე კარგი შეხვედრა ჩაატარეს მალკომ ბროგდონმა (28 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი) და დომანტას საბონისმა (28 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი).
გამარჯვებულთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი სპინსერ დინვიდი იყო. 28 წლის გამთამაშებელმა საკუთარ გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
ამრიგად, „ინდიანას“ 2 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.