ავტოსპორტი

2:40 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ჰამილტონისთვის ძრავის კიდევ ერთხელ გამოცვლას არ გამორიცხავს

„მერსედესი“ აცხადებს, რომ შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე, ლუის ჰამილტონის მანქანაზე შიდაწვის ძრავის კიდევ ერთხელ შეცვლა გახდეს საჭირო. ამაზე საუბარი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვალტერი ბოტასი, ძალური დანადგარის ერთ-ერთი კომპონენტის შეცვლის გამო, აშშ-ის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, ხუთი ადგილით უკან დადგება.

ბოტასი უკვე მეექვსე ძრავს იყენებს. რეგლამენტით კი სეზონზე ერთ პილოტს მხოლოდ სამის გამოყენება შეუძლია. ძრავის შეცვლის გამო, მან მონცასა და სოჭში სტარტზე უკვე დაკარგა ადგილები. ჰამილტონს ძრავი ისტანბულში შეუცვალეს, რის გამოც, სტარტზე 10 ადგილით უკან დაიწია. მისთვის ეს ჯერ მხოლოდ მეოთხე ძრავია.

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი არ გამორიცხავს, რომ დარჩენილ ექვს რბოლაში, ჰამილტონს კიდევ ერთი ძრავი დასჭირდეს: „ვერ ვიტყვი, ეს საჭირო გახდება, თუ არა. თუმცა რისკი არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, ეს წინასწარ გავაკერთოთ, რათა შემდეგ ძრავის შეცვლა აღარ დაგვჭირდეს. ასე უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით. მეორე მხრივ, თუ ძრავს არ შევცვლით, გაიზრდება იმის რისკი, რომ ერთ რბოლას ვერ დავამთავრებთ. სწორედ ესაა განხილვის საგანი. მაგრამ ჯერ პასუხი არ გვაქვს“.

ჰამილტონი ჩემპიონატის ლიდერ მაქს ფერსტაპენს ექვსი ქულით ჩამორჩება. ოსტინის ტრასა კი, სადაც ამერიკული ეტაპი ამ უქმეებზე ჩატარდება, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონსთვის და მისი გუნდისთვის იღბლიანია.

ფერსტაპენმა ძრავის სრულად შეცვლის გამო, სოჭის რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო და ფინიშთან მეორე მივიდა. მისთვის ეს სეზონში მეოთხე აგრეგატია და ყოველ მომდევნოზე მასაც ჯარიმა ელის.

სხვათა შორის, „მერსედესის“ ძრავები აქამდე ყველაზე გამძლედ ითვლებოდა, მაგრამ შუა სეზონიდან, პრობლემები დაიწყო. ოსტინში (მერსედესის) აგრეგატები სრულად შეუცვალეს „უილიამსის“ ჯორჯ რასელს და „ასტონ მარტინის“ სებასტიან ფეტელს. ვოლფი ამბობს, რომ ეს საკმრისი მიზეზია იმისთვის, რომ გუნდმა ჰამილტონისთვის ძრავის კიდევ ერთხელ შეცვლის საკითხი განიხილოს.

„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ „მერსედესის“ ძრავებს აშკარად პრობლემები დაეწყო. მაგრამ იმასაც დასძენს, რომ ვინც ამ ძრავებს იყენებს, მათი სიჩქარეც შესამჩნევად გაიზარდა.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „მერსედესმა“ თავისი ძრავის სიმძლავრე, რესურსის კლების ფასად გაზარდა. კლიენტი გუნდების პილოტებისთვის ძრავების ხშირად შეცვლა კი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ხდება აგრეგატებზე დაკვირვება, რაც ინჟინრებს გაზრდილი სიმძლავრის შემთხვევაში, ძრავის სასიცოცხლო რესურსის დადგენაში დაეხმარება. ეს ინფორმაცია, საბოლოოდ სწორედ ჰამილტონს გამოადგება, ვისაც რბოლებში დამატებითი ცხენის ძალები ექნება. თუმცა ამის მსხვერპლად, ერთ-ერთი რბოლის სტარტზე, ადგილების დაკარგვას გაიღებს.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ლიდერი „მერსედესია“, რომელიც „რედ ბულს“ 36 ქულას უგებს. გერმანულ გუნდს შანსი აქვს, გუნდებს შორის ზედიზედ მერვე გამარჯვებას მიაღწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125155