ფეხბურთი

19:50 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ზალცბურგი" - ტალანტების ახალი სამჭედლო

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა და სიურპრიზი ავსტრიის ჩემპიონი „ზალცბურგია“, რომელმაც სამი ტური დიდებულად ჩაატარა და ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად მერვედფინალში გასვლასთან.

ავსტრიელები ჯერ „სევილიას“ დაუზავდნენ (1:1), მერე კი შინ „ლილი“ და „ვოლფსბურგი“ ერთნაირად (2:1) დაამარცხეს. მანამდე იყო პლეი-ოფი, სადაც დანიურ „ბრონდბიუს“ ორჯერ მოუგო და ორჯერვე 2:1. საინტერესოა, რომ ხსენებულ მატჩებში გოლები მხოლოდ 2000 წელს ან უფრო გვიან დაბადებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს გუნდი ტალანტებით სავსეა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ჩათვლით გოლების ავტორების ჩამონათვალი ასეთია:

კარიმ ადეიემი (2002 წელი) – 4 გოლი

ბრენდენ აარონსონი (2000) – 2 გოლი

ნოა ოკაფორი (2000) – 2 გოლი

ბენჟამინ შეშკო (2003) – 1 გოლი

ლუკა შუშიჩი (2002) – 1 გოლი

„ზალცბურგს“ ავსტრიის ბუნდესლიგის 11 ტურში 27 გოლი აქვს გატანილი, ამას ემატება ავსტრიის თასის ორ თამაშში 9 გოლი და გამოდის, რომ ყველა ტურნირზე უკვე 46 გოლი გაიტანა (საშუალოდ მატჩში 2.5 გოლი). გუნდის საუკეთესო ბომბარდების სია ასე გამოიყურება:

კარიმ ადეიემი (2002) – 12 გოლი

ნოა ოკაფორი (2000) – 8 გოლი

ბენჟამინ შეშკო (2003) – 7 გოლი

რასმუს კრისტენსენი (1997) – 4 გოლი

საინტერესოა, რომ „ზალცბურგს“ ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს - 33 წლის მატიას იაისლე. გერმანელი პრაქტიკულად იულიან ნაგელსმანის გზას ადგას. მან საფეხბურთო კარიერა „ჰოფენჰაიმში“ გაატარა, მაგრამ 26 წლის ასაკში დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ჯერ იყო „ლაიფციგის“ 17-წლამდე გუნდში მერე, „ბროუნდბიუში“, „ზალცბურგის“ 18-წლამდე გუნდში, „ლიფერინგში“, რომელიც „ზალცბურგის“ სატელიტი გუნდია, ხოლო ზაფხულში მთავარ გუნდში დანიშნეს და როგორც ჩანს, იდეალური არჩევანი გააკეთეს.

აქვე გეტყვით, რომ „ზალცბურგი“ ჯგუფში 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ, მეორეადგილოსან „სევილიას“, რაც ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ავსტრიის ჩემპიონი მერვედფინალში ითამაშებს, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა... და, როცა ტალანტების სამჭედლოს ვახსენებთ, გავიხსენოთ, რომ ერლინგ ჰოლანდმაც "ზალცბურგში" გაიბრწყინა და სულაც არაა გამორიცხული, მალე მის გზას სხვებიც დაადგნენ. მაგალითად, კარიმ ადეიემის გერმანიის ნაკრებში სტაბილურად იძახებენ და მიუნხენის "ბაიერნს" (სხვა გუნდებზე რომ არაფერი ვთქვათ) აქტიურად უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115304