ფეხბურთი

1:17 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: პსჟ-ს გამარჯვება მესის დუბლით, ბრწყინვალე "აიაქსი" და "რეალის" გასეირნება

ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ოთხ ჯგუფში 8 მატჩი გაიმართა, რის შედეგადაც, გარკვეული კონტურები გამოიკვეთა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლიონელ მესი, რომელმაც ფრანგულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა და პსჟ-ს „ლაიფციგთან“ უმძიმესი თამაში მოაგებინა.

A ჯგუფი

A ჯგუფში ძალიან საინტერესო კონტიგენტია შეკრებილი, საწყისმა ორმა ტურმაც დამაინტრიგებლად წარიმართა და არც მესამე ტურში ყოფილა საქმე მოსაწყენად.

„მანჩესტერ სიტი“ „ბრიუგეს“ ესტუმრა, რომელიც ამ ტურამდე ქულით უსწრებდა და ამიტომაც, ძალიან მოტივირებული გახლდათ. კლასში სხვაობა იგრძნობოდა და პეპ გვარდიოლას გუნდმა ბელგიის ჩემპიონს იოლად აჯობა. თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, საბოლოოდ კი „სიტიმ“ 5:1 მოიგო და ბელგიური გუნდი სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა.

„პარი სენ ჟერმენმა“ გერმანულ „ლაიფციგს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში აჯობა. ეს ლიონელ მესის დამსახურებაა, რომელმაც პარიზულ გუნდში პირველი დუბლი შეასრულა. მესის ლიგა 1-ში ჯერ გოლი არ გაუტანია, აი ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად გამოიყურება და უკვე 3 გოლი დაუგროვდა. მესის გოლებამდე პსჟ აგებდა. თავიდან კილიან მბაპემ გახსნა ანგარიში, მაგრამ ანდრე სილვამ და მუკიელემ გერმანელები დააწინაურეს. საბოლოო სიტყვა არგენტინელმა ვარსკვლავმა თქვა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და პსჟ-მ 3:2 მოიგო.

ჯგუფს სწორედ ფრანგული გუნდი ლიდერობს 7 ქულით და მას კვალში „მანჩესტერ სიტი“ 6 ქულით უდგას. ჯერჯერობით ბრძოლაში „ბრიუგეც“ რჩება, რომელსაც 4 ქულა აქვს, „ლაიფციგი“ კი უქულოდ განწირული ჩანს.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ლაიფციგი“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 მბაპე (9), 1:1 ანდრე სილვა (28), 1:2 მუკიელე (57), 2:2 მესი (67), 3:2 მესი (74, პენ)

„ბრიუგე“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:5 (0:2)

გოლები: 0:1 კანსელო (30), 0:2 მაჰრეზი (43, პენ), 0:3 უოლკერი (53), 0:4 პალმერი (67), 1:4 ვანაკენი (81), 1:5 მაჰრეზი (84)

B ჯგუფი

„ლივერპულმა“ ჯგუფიდან გასვლის საკითხი პრაქტიკულად გადაჭრა. იურგენ კლოპს სამ ტურში 9 ქულა აქვს და ცხადია, პლეი-ოფში ითამაშებს. ინგლისური გუნდი „ატლეტიკოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგო.

თავიდან „ლივერპული“ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ პირველივე ტაიმში ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათამაბრა. საერთოდ, „ატლეტიკო“ გაცილებით გააზრებულად თამაშობდა და საგოლე მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე გრიზმანის შემთხვევითმა უხეშობამ ყველაფერი შეცვალა. ფრანგმა შემტევი წითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და კაცნაკლულმა მადრიდელებმა გაძლება ვეღარ მოახერხეს. თუმცა, ესეც საკუთარ თავს დააბრალონ, რადგან ჰერმოსომ გაუაზრებელი პენალტი აიკიდა, რომელიც სალაჰმა გაიტანა და გამარჯვება „ლივერპულს“ მოუტანა.

შესუსტებული შემადგენლობით „მილანი“ „პორტუს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა. „როსონერიმ“ პორტუგალიის ჩემპიონთან ისე წააგო, რომ საგოლე მომენტიც ვერ შექმნა, მეორე ტაიმის შუაწელს კი ლუის დიასისგან გოლი გაუშვა და „დრაკონებმა“ იმარჯვეს.

„ლივერპულს“ 9 ქულა აქვს და ალბათ პირველი ადგილით გავა ჯგუფიდან, ხოლო მეორე ადგილისთვის „ატლეტიკო“ და „პორტუ“ იბრძოლებენ, რადგან ორივეს 4-4 ქულა აქვთ. „მილანს“ ჯერ შანსი არ დაუკარგავს, მაგრამ უმძიმეს ვითარებაშია, რადგან სამივე შეხვედრა წაგებული აქვს.

„ატლეტიკო“ – „ლივერპული“ 2:3 (2:2)

გოლები: 0:1 სალაჰი (8), 0:2 კეიტა (13), 1:2 გრიზმანი (20), 2:2 გრიზმანი (34), 2:3 სალაჰი (78, პენ)

„პორტუ“ – „მილანი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლუის დიასი (65)

C ჯგუფი

ამსტერდამის „აიაქსი“ უბრალოდ ფანტასტიკურია. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ალბათ უფრო მრისხანე და ლამაზია, ვიდრე სამი წლის წინ, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უწია. ამსტერდამელებმა შინ დორტმუნდის „ბორუსია“ გააცამტვერეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ამგვარად, საეჭვო არაფერია - „აიაქსს“ დიდი მიზნები აქვს და ყველა გუნდისთვის სახიფათო მეტოქე იქნება.

ლისაბონის „სპორტინგმა“ ჯგუფის აუტსაიდერ „ბეშიქთაშს“ თურქეთში 4:1 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. „აიაქსი“ 9 ქულით ლიდერია, „დორტმუნდის“ აქტივში 6 ქულაა, „სპორტინგის“ 3, „ბეშიქთაშს“ კი ქულა არ აქვს.

„აიაქსი“ – „დორტმუნდი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 როისი (11, ა.გ), 2:0 ბლინდი (25), 3:0 ანტონი (57), 4:0 ალე (72)

„ბეშიქთაში“ – „სპორტინგი“ 1:4 (1:3)

გოლები: 0:1 კოატეში (15), 1:1 ლარინი (24), 1:2 კოატეში (27), 1:3 სარაბია (44), 1:4 პაულინიო (89)

D ჯგუფი

და ბოლოს, D ჯგუფი, სადაც ტირასპოლის „შერიფი“ ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის. მოლდოვის ჩემპიონი სტუმრად მილანის „ინტერთან“ დამარცხდა, არადა, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თუმცა, მეტი ვეღარ გაახერხა და საბოლოოდ იტალიის ჩემპიონთან 1:3 დამარცხდა. ამ გამარჯვებით „ინტერმა“ ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაიჩინა, არადა, რომ ვერ მოეგო, შანსს პრაქტიკულად კარგავდა.

მადრიდის „რეალმა“ კი „შერიფთან“ წაგების შემდეგ კიევში „შახტარს“ ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. კარლო ანჩელოტის გუნდი კარგ ფორმაშია და ტირასპოლელებთან ის წაგება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.

ჯგუფში საინტერესო ვითარებაა: „რეალი“ და „შერიფი“ 6-6 ქულა, „ინტერი“ 4 ქულა და „შახტარი“ – 1.

„ინტერი“ – „შერიფი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯეკო (34), 1:1 ტილი (52), 2:1 ვიდალი (58), 3:1 დე ვრეი (67)

„შახტარი“ – „რეალი“ 0:5 (0:1)

გოლები: 0:1 კრივცოვი (37, ა.გ), 0:2 ვინისიუსი (51), 0:3 ვინისიუსი (56), 0:4 როდრიგო (65), 0:5 ბენზემა (90)

0.471426