ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ სანაკრებო პაუზის დროს არის ჩაწერილი, მაგრამ ეთერში ახლაღა გავიდა. რუსმა სპეციალისტმა დეტალურად ისაუბრა ხვიჩას ფორმაზე, პრობლემებსა და ყველა იმ თემაზე, რომელიც გულშემატკივარს აინტერესებს.
„პირველ რიგში მინდა მივესალმო ქართველ გულშემატკივრებს, რადგან იმ ასაკში ვარ, რომ მახსოვს „დინამო თბილისის“ ბრწყინვალე გამარჯვებები 1981 წელს, 1976 წელს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ლეგენდარულ ფეხბურთელ ვლადიმერ გუცაევთან ურთიერთობა“, - თქვა სლუცკიმ ინტერვიუს დასაწყისში.
ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა - „როგორც ყველა გულშემატკივარს, მეც მაწუხებს მისი მდგომარეობა და რაც მის თავს ხდება. ეს აურზაური, რაც სატრანსფერო პერიოდში იყო, არ შეიძლება 20 წლის ბიჭზე გავლენა არ მოახდინოს. ხშირად ვთქვით, რომ ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური შეთავაზება. არცერთი წინადადება არ შემოსულა ჩვენთან და თითიდან გამოწოვილია ცნობაა, რომ თითქოს ბევრი ფული მოვითხოვოთ. ის აჟიოტაჟი, რომელიც ხვიჩას მამისა და მისი აგენტის მხრიდან შეიქმნა, გარკვეულწილად გადაჭარბებული იყო, ვიდრე რეალობა. არ შეიძლება ამან ახალგაზრდა ბიჭზე გავლენა არ მოახდინოს და გარკვეულ მომენტში ფეხბურთი დაავიწყდა, უფრო მეტად ფიქრი დაიწყო, სად უნდა ეთამაშა, რა დონეზე გადასულიყო. ფეხბურთი სამართლიანი საქმეა და ის პასუხს იმაზე, რომ ის არ იყო თავდადებული ბოლო თვეების განმავლობაში. ხვიჩა კარგად მუშაობს, მას ესმის, რომ ტრანსფერი არ შედგა და ამასთან, ჩვენ ავუხსენით, რომ არანაირი წინაპირობები ამ ტრანსფერისთვის არ ყოფილა. გასაგებია, რომ ემოციურად გამოიფიტა, ამას ტრავმაც დაემატა. მოლოდინები დიდია, ქართული საზოგადოების მხრიდან მის მომავალთან დაკავშირებით დიდი წნეხია და როცა 20 წლის ასაკში ეს ყველაფერი თავზე გეცემა, რთულია. მიუხედავად ამისა, ეჭვი არ მეპარება, უმტკივნეულოდ გაართმევს ამას თავს. ის შრომისმოყვარე და ძალიან ნიჭიერია. ხვიჩა უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო კლუბისთვის და ნაკრებისთვის. ხვიჩას ძალიან უნდა იმის დამტკიცება, რომ ბოლო წარუმატებლობები მიმდინარე შემთხვევითობა იყო და კვლავ რჩება დიდ ფეხბურთელად სულ მცირე ჩვენს კლუბში. მას ყველაფერში მხარს ვუჭერთ“.
ფიზიკური და მენტალური პრობლემები - „ბოლო დრომდე ხვიჩას ტრავმები თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ ზაფხულში მიიღო და ტრავმა მისთვის გარკვეულწილად ახალი ხილი იყო, რის გამოც ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა აღსადგენად. ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, რა ტკივა, სად ტკივა, თავი ზედმეტად გადაიზღვია, გამოცდილება არ აქვს, როგორ უნდა ებრძოლოს ტრავმას. ამას დაემატა ზედმეტი, ბევრი მოლოდინი ტრანსფერთან დაკავშირებით. ხვიჩა მაქსიმალურად ეფექტურია, თუ ის როგორც ფიზიკურად და მენტალურად კარგადაა. ისე გამოვიდა, რომ ბოლო დროს მენტალურად პრობლემა ჰქონდა, არ ფიქრობდა, ბოლომდე ფეხბურთზე, ფიზიკური თვალსაზრისითაც ობიექტური მიზეზები გააჩნდა“.
პენალტი, რომელიც ხვიჩამ ვერ გაიტანა - „პენალტი ადრეს დრეირს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ გამოიჩინა ინიციატივა და ვერ გაიტანა. ყველაზე მეტად მე უნდა ვნერვიულობდე ამ სიტუაციაში, რადგან გასაგებია, რომ პენალტი რომ გაგვეტანა, ქულებს მოვიპოვებდით. თუმცა, გულახდილები ვიყოთ, მე 50 წლის ვარ, ის 20 წლისაა და უნდა შეგვეძლოს ახალგაზრდა მოთამაშეების გაგება. რა თქმა უნდა, მან დაიმსახურა ეს პენალტი და იმ მომენტში ფიქრობდა, რომ თუ გაიტანდა, ერთ წამში მისი ცხოვრება შეიცვლებოდა და ყველაფერი გადასარევად იქნებოდა. გარკვეულწილად ეგოისტურად აიღო ინიციატივა და ვიმეორებ, რომ ალბათ მე ვარ ყველაზე დაზარალებული მხარე ამ შემთხვევაში. 20 წლის ასაკში შეცდომებს ყველა უშვებს, სწორედ ამ ახალგაზრდულ შეცდომებს უშვებს, მე კი უბრალოდ, როგორც უფრო გამოცდილი ადამიანი ვცდილობ, მას მაქსიმალურად ავუხსნა ყველაფერი. გვინდა, რომ ის დაუბრუნდეს თავის ძველ დონეს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, ის უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს, რადგან ადრე ბაზაზე გვიანობამდე ვარჯიშობდა, დამატებით ვარჯიშობდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასე აღარ არის, ის ფანატიზმის უკვე აღარ აღენიშნებდა. ეს ნორმალურია, ყველაფერი იცვლება, უბრალოდ უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი ალბათ ყველაზე სამართლიანი თამაშია და თუ რამე ხდება შენს თავს, უნდა გაანალიზო სიტუაცია და შენს თავში მოიძიო კითხვაზე პასუხი, ბოლომდე სამართლიანი იყავი თუ არა ფეხბურთისადმი და შეგიძლია თუ არა მისგან სანაცვლოდ რამე მოითხოვო. დარწმუნებული ვარ, მის მიხვდება თავის შეცდომებს. თუმცა, ვიმეორებ, მას შეუძლია გუნდში ყველას იმედი ჰქონდეს, პირადად ჩემი იმედიც უნდა ჰქონდეს ყოველთვის“.
კრიტიკის შესახებ - „ის ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამს ქართველი საზოგადოების და მედიის კრიტიკას, რადგან დაკავშირებულია თავის სამშობლოსთან და ძალიან ამაყობს საქართველოს ნაკრებში თამაშით. რუსული მედიის კრიტიკის მხრიდან უფრო დაცულია, არსებობს ენობრივი ბარიერიც, ჩვენც აქცენტს ამაზე არ ვაკეთებთ. შეგვიძლია რუსული მედიის კრიტიკისგან დავიცვათ, მაგრამ საქართველოს საზოგადოების გავლენისგან ვერ ვიცავთ. ვიცით, რომ ძალიან მტკივნეულად განიცადა სიტუაცია, როცა საქართველოში ამბობდნენ, თითქოს ვერსად გადავიდა ფულის გამო და ეს ძალიან სწყიდა. მას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამს ქართული საზოგადოების და გულშემატკივრების კრიტიკას“.
რა დონეზე თამაში შეუძლია ახლა ხვიჩას - „როდესაც საუკეთესო ფორმაში იყო, ნებისმიერ გუნდში თამაში შეეძლო, მაგრამ ბოლო დროს როგორც გამოიყურება, „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც ალბათ გაუჭირდება. ჩემი აზრით, ვსაუბრობთ ახალგაზრდა მოთამაშეზე და ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, უნდა ფიქრობდნენ არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელის მომავალზე, რომელიც ჯერ ფსიქიკურად სტაბილურ დონეზე ჯერ კიდევ არ არის. ჩვენ მას ვიცნობთ როგორც ბრილიანტს, რომელსაც ყოველთვის მტვერი უნდა მოვაცილოთ და არ უნდა მივცეთ მასზე დაჯდომის საშუალება. პირველ რიგში მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც მის უახლოეს გარემოცვაში არიან, მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივრებს, რომ წნეხის გრადუსი დაწიონ, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეა. მას ხელი არ უნდა შეუშალონ, ვცდილობთ, რომ მისი ნიჭი მაქსიმალურად გავხსნათ და მე ალბათ ყველაზე ბედნიერი ვიქნები, თუ ტელევიზორს ჩავრთავ და ერთ-ერთი წამყვანი გუნდის მაისურით დავინახავ, ჩვენს კლუბში ყველანი ბედნიერი ვიქნებით, თუ ეს მოხდება“.
მეტოქეების მხრიდან მეტი ყურადღება - „მეორე სეზონის სინდრომიც აქვს. მეორე სეზონი უფრო რთულია, ვიდრე პირველი, რადგან ახლა გუნდები ხვიჩას წინააღმდეგ სპეციალურ ტაქტიკას აწყობენ. ეს ვიცით, ამაზე ვმუშაობთ და მან თავისი თამაში უნდა გარდაქმნას. ყველამ იცის, როგორ ითამაშოს მესის, რონალდუს ან მბაპეს წინააღმდეგ, მაგრამ თუ ხვიჩას აქვს პრეტენზია, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშე იყოს, ბუნებრივია უნდა ესმოდეს, რომ მას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ და ამისთვის საჭირო ანტიდოტი უნდა მოძებნოს. 10-15 წელი სწავლობს ხალხი დიდ ფეხბურთელებს, მაგრამ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 1 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. მას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.