რაგბი

17:50 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 14 | საღინაძემ ლიდერს გაუტანა

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის ‘ლიონს’ ზაფხულში პრო დე2-ის ‘ორიაკიდან’ შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.

‘ტულუზი’ ‘ლიონს’ ექვსიდან ექვსი მოგებით ეწვია. საღინაძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-15 წუთზე ის მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში, ბურთი 5-მეტრიანთან მიიღო, ერთი ბოჭვა აირიდა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მასპინძლებმა თამაში 25:19 მოიგეს და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. ‘ტულუზი’ 26 ქულით კვლავ ლიდერია. ‘ლიონის’ რიგებში 71-ე წუთიდან ითამაშა დავით ნინიაშვილმა.

‘ბრივი’ ‘ლა როშელს’ დაუხვდა და მწირქულიან მატჩში 6:8 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში წვლილი გურამ პაპიძემაც შეიტანა, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა შესვენებისას შეცვალეს. ‘ბრივის’ სასტარტოში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კვაჭი ვანო კარკაძე. 48-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად ‘კასტრთან’ ვერაფერს გახდა ‘ბიარიცი’ – 20:38. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, ხოლო ბასკთა ძირითადში სამი ქართველი იყო – გიორგი ნუცუბიძემ 56 წუთი ითამაშა, თორნიკე ჯალაღონიამ 61, ხოლო ლუკა აზარიაშვილმა 73.

‘პომ’ ‘ბორდო’ მიიღო, დებიუტში სოლიდურად ჩამორჩენის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშის ქულას გამორჩა – 33:37. ბექა გორგაძემ მასპინძელთა რიგებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.

‘სტად ფრანსე’ ‘პერპინიანს’ ეწვია, 77-ე წუთზე გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და შინ 4 ქულით დაბრუნდა – 23:22. პარიზელთა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მათი მეორე ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 32-ე წუთზე შეცვალეს და 47-ეზე თამაშში დააბრუნეს.

კიდევ ერთი პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’ ‘ტულონს’ ეწვია, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 27:20 გაიმარჯვა. ტულონელთა ძირითადში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს ბექა გიგაშვილი. სტუმართა რიგებში 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გია ხარაიშვილი.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101258