ძიუდო

15:55 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოსთან ახლოს არიან

პარიზის გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილი ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძვის. გარდა ამისა, ტატამიზე კიდევ ორი ქართველი გავიდა - ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე. მედლებისთვის ისინი იბრძვიან და ბრინჯაომდე ერთი გამარჯვება აშორებთ.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მონღოლი მურენტსენ ბატულგა და ფრანგი ტიზი გნამიენს მოუგო, შედეგად ნახევარფინალში გავიდა და იქ იაპონელ სოტარო ფუჯივარასთან ვაზარით დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შედეგად, ფინალში გავიდა. ტატო ფინალში კიდევ ერთ იაპონელ მეტოქეს, ტაკეში სასაკის შეხვდება.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე რუს დავიდ ოგანისიანს მოუგო, ხოლო იაპონელ კენტა ნაგასავასთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, რომლის პირველ წრეში ავსტრიელ ვახიდ ბორჩაშვილს გაეჯიბრა, რომელსაც ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ლუკას მომდევნო მეტოქე ფრანგი ალექსის მატეუ გახლავთ.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ საპარბაევი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ რუმინელ ასლეი გონსალესთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთ ფრანგ კლემენ დელვერს შეხვდა და ოქროს ქულით დაამარცხა. ამრიგად, ისიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და ხორვატ ზლატკო კუმრიჩს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, პარიზის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღევანდელი ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

0.11507