რაგბი

12:49 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "სუპერ თასი დასაწყისისთვის ძალიან მაღალი დონის ტურნირია"

რაგბი ევროპის სუპერთასზე "შავი ლომის" სადებიუტო გამარჯვების შემდგომ კომენტარი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა. მან ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა და ლევან მაისაშვილის გუნდში დაბრუნება აღნიშნა.

„დღევანდელი დღე ემოციური იყო ბევრი მიზეზის გამო. პირველი ეს ბათუმის ტრაგედიაა და მინდა გუნდის სახელით მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. მეორე ლევანის დაბრუნებაა – გულით მიხარია ამ პრესკონსფერენციაზე მის გვერდით რომ ვზივარ. ლევანმა ძალიან რთული გზა გამოიარა ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო. ალბათ სიმბოლურია, რომ დღემდე ბოლო თამაში სამხრეთ აფრიკასთან ჩავატარე, ლევანთან ერთად და იმ საშინელი სამი თვის შემდეგ, მოედანს მასთან ერთად დავუბრუნდი. ეს გამარჯვება სწორედ ჩვენს მთავარ მწვრთნელს ეძღვნება.

რაც შეეხება შეხვედრას, კარგი თამაში ჩავატარეთ. შეცდომები გვქონდა და რომ არა ეს, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, თუმცა მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ხარისხიანი შეხვედრა ჩავატარეთ. განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ, რაც ისევ და ისევ ლევანს გაუხარდება და ასეთი შედეგი ამანაც განაპირობა.

ყველამ ვნახეთ რამდენად მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული ‘თელავივ ჰითი’. ვფიქრობ, როგორც ჩვენ, ასევე ისინი, პრო დე2-ის ნებისმიერ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ და რამდენიმეს დავამარცხებთ კიდეც. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგი, მაღალი დონის ტურნირია“ - თქვა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ "შავი ლომი" მეორე შეხვედრას 23 ოქტომბერს პემზაში, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ დროისთვის კი ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდს 5 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

0.102159