ბლოგი

11:54 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რატომ ვქომაგობ სომხეთს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარცევი ეტაპის დასრულებამდე ორად-ორი ტური დარჩა და მე იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ნაკრებზე ვწერდე რამეს, რაკი ვიცი რომ ჩვენს გუნდზე წერაში ისედაც ბევრი კალამი გაცვდა, გადავწყვიტე სომხეთის ნაკრებს მივუძღვნა ორიოდე სიტყვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენს მეზობლებს მთელი გულით ვქომაგობ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მსგავსი მაგალითები შეიძლება მისაბაძი იყოს საქარველოს ნაკრებისათვის.

სომხეთს წინ ორი ურთულესი თამაში ელის. შემდეგ ტურში ჩვენთვის კარგად ნაცნობ და არცთუ სასიამოვნოდ გასახსენებელ ჩრდილოეთ მაკედონიას რომც მოუგონ, ბოლო მატჩი მრისხანე გერმანიასთან აქვთ. კარგი ისაა, რომ ორივე შეხვედრას სახლში ატარებენ და ეროვნულისტადიონის სავსე ტრიბუნები ასეთ მომენტში ნებისმიერ გუნდს წაადგება. არ დაგავიწყდეთ, რომსომხეთზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩვენი არ იყოს დიდ სანაკრებო ტურნირზე ჯერ არასოდეს გასულა და ქომაგთა მხარდაჭერაც განსაკუთრებულად სჭირდება.

სომეხთა მთავარ მეტოქეს, რუმინეთის გუნდს ჰაოსიანებზე კარგი კალენდარი ნამდვილად აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ არც მათ ელით თამაშით მოგვრილი სიამოვნების განცდა. შემდეგ მეტოქედ ჯერ ისლანდიელებს და შემდეგ კი ჯუჯა ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს - ლიხტენშტაინს ხვდებიან. ცხადია ლიხტენშტაინი და ისლანდია გერმანია არაა და სომხებს თავსატეხი მეტი აქვთ, მაგრამ როდესაც ასე ახლოს ხარ სანუკვარ მიზანთან, გარანტირებულად უკვე პირველ ადგილზე გასულ დემოტივირებულ გერმანიასთან შეხვედრაც დიდ უბედურებად აღარ გეჩვენება და ამ დროს ოცნებასაც იწყებ. ამჯერად სომხურ ოცნებას.

ხსენებული (თუმცა რთულად სახსენები) ჩრდილოთ მაკედონიელების ხელშია მათი ბედიც. ისინი დარჩენილ შეხვედრებს უშუალო კონკურენტსომხეთთან და ისლანდიასთან ატარებენ. აქაც მნიშვნელობა აქვს რუმინელები და სომხები სხვა მატჩებში რას იზამენ, მაგრამ თუკი უბერებელი პანდევის “ჯადომ“ ამჯერადაც გასჭრა და ბალკანელებმა ერევანში გაიმარჯვეს, სომხეთის ბოლო მატჩი გერმანიასთან ფიქცია გახდება.

არსებული სიტუაცია ნათელყოფს, რომ სომხეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის დიდი ბრძოლა და ჯახირი უწევს, (ამას დამატებული მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონათან - გერმანიასთან დარჩენილი დასკვნითი შეხვედრა) მაგრამ მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ესპანელი სპეციალისტის, ხოაკინ კაპაროსის შეგირდების თავდადება და შესანიშნავი თამაში, სახეზეა. ამიტომაც, აბსოლუტურად სოლიდარული ვარ სომეხი ქომაგების მიმართ, რომლებიც მათი მებრძოლი და ვაჟკაცური ნაკრებით სამართლიანად ამაყობენ.

რომ გადახედოთ სომეხი ფეხბურთელების ჩატარებულ შეხვედრებს, პირველი რაც თვალში გეცემათ ისაა, რომ საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურად მდგრად და კარგად ორგანიზებულ გუნდთან. გერმანიის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში გამანადგურებელმა მარცხმა ანგრიშით 6:0 სომხები ვერ გატეხა და კაპაროსის ბიჭებმა ბოლომდე შეინარჩუნეს შანსიცა და მომავალზე ოცნების უფლებაც.

ამ შესარჩევში იყო რუმინელებთან ურთულეს მატჩში ისტორიული გამარჯვება ანგარიშით 3:2, ბრძოლით მოპოვებული 1 ქულა ისლანდიაში, მინიმალური ანგარიშით გულსატკენი მარცხი რუმინეთთან, გამარჯვებები ისლანდიასთან და ლიხტენშტაინტან და ყველაფერი აქამდე ისე მოვიდა, რომ შესარჩევი ეტაპის დასრულებმადე ორი ტურით ადრე, სომხეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ჯერ ისევ ინარჩუნებს.

სომხეთის ეროვნული ნაკრები ყატარში გასამართ მუნდიალზე გავა თუ ვერ გავა, მტერსაც და მოყვარესაც დაუმტკიცა, რომ ღირსეული გუნდია და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს მეზობლებს თამამად შეუძლიათ ამ ნაკრებით იამაყონ. ჩვენ კიდევ ნუ შეგვშურდება. უმჯობესი იქნება რაღაც ჩვენც ვისწავლოთ. სწავლა და კარგი მაგალითების აღება სიცხვილი არაა!

0.129927