ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა! ის პირველი ქართველია, რომელიც 1000-იანი მასტერსის ფინალში გავიდა და ინდიან უელსის ჩემპიონობამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.
ბასილაშვილი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტც გაეჯიბრა, რომლის დამარცხება საათსა და 42 წუთში, ორ სეტში, 7:6, 6:3 მოახერხა.
პირველ სეტში ნიკოლოზიც და ამერიკელიც საკუთარ ჩაწოდებებზე უშეცდომონი იყვნენ და ბრეიკი ვერცერთმა გაახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ჩოგბურთელი უფრო დამაჯერებლად იგებდა გეიმებს, მაგრამ სეტი ისე წარიმართა, რომ ფრიტცმა სამჯერ მიიღო სეტპოინტი. თუმცა 29 წლის ჩვენებურმა სწორედ გარდამტეხ მომენტში მობილიზება მოახერხა, სამივე სეტპოინტი გადაარჩინა და სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც თვითონ უფრო დამაჯერებელი იყო - ტაიბრეიკი 7:5, სეტი კი 7:6 მოიგო და დაწინაურდა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა პირველივე სეტპოინტი გამოიყენა და სრულიად დამსახურებულად დაწინაურდა. ნიშანდობლივია, რომ ამერიკელი ფონს ძირითადად უნაკლო ჩაწოდებების ხარჯზე გადიოდა, ხოლო უკანა ხაზიდან და გათამაშებაში ბასილაშვილი მეტოქეს პრაქტიკულად შანსს არ უტოვებდა.
მეორე სეტში ნიკოლოზი საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო, ხოლო 3:2-ზე ნანატრი და შეხვედრის ერთადერთი ბრეიკი გაახერხა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოოდ, სეტი 29 წლის ჩოგბურთელმა 6:3 მოიგო და კარიერაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა რეიტინგში 510 ქულა გამოიმუშავა და 36-ე ადგილიდან 27-ე პოზიციაზე აღზევდა, ხოლო ფინალის მოგების შემთხვევაში, ცხადია, წინსვლა კიდევ ელოდება.
ბასილაშვილმა ფინალამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3), ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2), რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 7:6) და რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასიც (6:4, 2:6, 6:4) დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კამერონ ნორის დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგის 26-ე ნომერია. მის წინააღმდეგ ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ერთხელ აქვს ნათამაშები, მიმდინარე წლის 1 მარტს, როტერდამის ტურნირზე და ორ სეტში (0:6, 3:6) მარცხი განიცადა.