სხვა

0:14 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელი მოცურავე ოლიმპიურ ოქროს 40 წლის შემდეგაც ელის

ბრიტანელმა მოცურავე შერონ დევისმა, მოსკოვის 1980 ოლიმპიადაზე, 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეული სტილით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვერცხლი ოქროში გადაუცვალოს.

საქმე ისაა, რომ ცურვის საერთაშორისო ფედერაცია, ძველი დოპინგ სკანდალების გადახედვას და შედეგების კორექტირებას აპირებს. დევისის გარდა, ოლიმპიური ოქროს მოპოვების რეალური შანსი აქვს კიდევ ერთ ბრიტანელს, ენ ოსგერბის, ვინც მოსკოვშივე, ბატერფლაიში მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ამ ორი ისტორიის მთავარი ანტიგმირი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ), მისი საიდუმლო სამსახური შტაზი და მის მიერ ორგანიზებული, დოპინგის მასობრივი (მეცნიერულ დონეზე აყვანილი) გამოყენებაა. სტიმულატორებით ყველაზე მეტად, გდრ-ის მოცურავე ქალები სარგებლობდნენ, რომლებიც მოსკოვის ოლიმპიადაზე დომინირებდნენ.

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ ახლახანს ჩამოაყალიბა საწყლოსნო სახეობათა ერთიანობის კავშირი, რომელიც პირველ რიგში, წარსულის დოპინგ სკანდალებს გამოიკვლევს. კავშირის პირველი ობიექტი კი სწორედ აღმოსავლეთ გერმანიის დოპინგ სკანდალებია.

მოსკოვის ოლიმპიადაზე, 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეული სტილით ცურვაში ოქროს პეტრა შნაიდერი დაეუფლა, ვინც წლების შემდეგ აღიარა, რომ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დოპინგ-რეჟიმის ნაწილი იყო. შტაზის სპორტულ „საოცრებათა“ შესახებ ინფორმაცია ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ოსგერბის, მას 100 მეტრზე ბატერფლაიში, გდრ-ის ერთდროულად სამმა მოცურავემ აჯობა. ოსგერბიმ 4x100 მეტრზე შერეული სტილით ესტაფეტაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქრო რა თქმა უნდა, გერმანელებს დარჩათ. საერთოდ, მოსკოვის ოლიმპიადაზე, გდრ-ის მოცურავე ქალებმა, 13-დან 11 ოქროს მედალი მოიპოვეს.

„მათ უნდა აღიარონ ეს ყველაფერი, ბოდიში მოუხადონ სხვა სპორტსმენებს იმის გამო, რაც გააკეთეს. უნდა შეიცვალოს შედეგების ჩანაწერები. და უნდა შეიცვალოს მედლების მფლობელებიც. წარმოუდგენლად გულდასაწყვეტი იყო ყველაფერი. მთელი კარიერის განმავლობაში ვიცოდი, რომ შეჯიბრებზე უშანსოდ გამოვდიოდი. ეს ყველასთვის აშკარა იყო. საბოლოოდ, ორივე მხარე წაგებული დავრჩით. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს, მამაჩემის სიცოცხლეშივე მოაგვარებენ. ის 85 წლისაა და ისევ მწვრთნელია. ის და ჩვენ ყველანი, უსამართლობაში ვიყავით. მაგრამ ვერაფერს შევცვლიდით. ვფიქრობ, ამ ყველაფერს მშობელი ბავშვზე მეტად განიცდის“, - ყვება დევისი.

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA) ახალი შეფი ბრენტ ნოვიცკი იქადნის, რომ იმოქმედებს: „როდესაც ათლეტები ვერ ღებულობენ ჯილდოს, რომლის მოსაპოვებლადაც თავს არ ზოგავენ, FINA-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაც არასწორია, გამოსწორდეს“.

0.063446