საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტური დასრულდა. დასკვნითი მატჩი თბილისში გაიმართა, სადაც „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.
პრინციპულ მეტოქეებს მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზნები აქვთ - „დინამო“ ჩემპიონობისთვის და „ტორპედო“ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ „ქართულმა დერბიმ“ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა, საბოლოოდ კი „დინამომ“ იმარჯვა - 1:0.
ერთადერთი გოლი დასაწყისშივე გავიდა. მეშვიდე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის პასით ფაბიან სპორკსლედემ შეძლო თავის გამოჩენა და მატჩის ბედი ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა გადაწყვიტა. „ტორპედოს“ შემადგენლობაში ლევან მჭედლიძემ ითამაშა პირველად, რომელმაც ბოლო 10 წუთი გაატარა მინდორზე.
„დინამო თბილისს“ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „დინამო ბათუმს“ კი 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ბათუმში შეხვდებიან და ბევრი რამ უნდა გადაწყდეს. ქუთაისის „ტორპედო“ კი 26 ქულით მერვე ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და ქულები ჰაერივით სჭირდება.
„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 სპორკსლედე (7)