ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი მატჩი გამართა და თბილისში ისრაელის „თელავივ ჰითის“ უმასპინძლა. „შავი ლომი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა და სადებიუტო მღელვარების მიუხედავად მეტოქეს 33:10 აჯობა.
ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო მიითვალეს, საიდანაც სამი აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო ერთი - შალვა მამუკაშვილის. გარდა ამისა, ქულები სოსო მათიაშვილმა და გიორგი ბაბუნაშვილმა მოიპოვეს.
საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქეს ბონუს ქულით მოიგო და ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ლევან მაისაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს პენზის „ლოკომოტივთან“ 23 ოქტომბერს გამართავს.