კალათბურთი

14:25 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ეს არის NBA და მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მზად უნდა იყო"

NBA-ს პრესეზონის ბოლო შეხვედრა გოგა ბითაძემ შესანიშნავად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ "ინდიანა პეისერსი" "კლივლენდ კავალიერსთან" 94:110 დამარცხდა, ქართველ ცენტრს გამორჩეული თამაში ჰქონდა.

გოგამ პარკეტზე 23:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება მიითვალა და 18 ქულით კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მატჩის შემდეგ 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა კომენტარი გააკეთა.

„მშვენიერი გრძნობაა საბოლოოდ სროლების წასვლა. უბრალოდ უნდა იმუშაო და დაიჯერო შენი სროლის, რისი გაკეთებაც ძნელია, როდესაც არ თამაშობ და ხედავ, რომ კარგად ვერ ისვრი. მიუხედავად ამისა, უბრალოდ უნდა გააგრძელო მუშაობა და მზად იყო. ტყუილის თქმას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, რთულია, როცა არ იცი, როდის ითამაშებ. თუმცა, პროფესიონალი უნდა იყო, რადგან ეს NBA არის და როცა შანსს მიიღებ, მზად უნდა იყო“, - განაცხადა ბითაძემ.

ქართველი კალათბურთელის თამაში შეაქო „ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა, რომელმაც თქვა, რომ გოგას თამაში მოეწონა და ის აგრესიული იყო:

„მართლაც მომეწონა გოგას თამაში, ის აგრესიული და ძლიერი იყო, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თავდაჯერებულად ისროლა, ფარს კარგად იცავდა და მნიშვნელოვანი ბურთები მოხსნა, სოლიდურად ითამაშა. ყველაფერი აქვს, რომ თავისი თავის ირწმუნოს, ბევრს ვარჯიშობს, მაგრამ უბრალოდ უნდა დაიჯეროს თავისი უნარების, რომელიც ნამდვილად უნიკალური აქვს. ოთხი ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს და ყველა მათგანი ახალგაზრდაა. დონანტასი და მაილს 25 წლის, იზაია 19 წლის, გოგა კი - 22 წლის. მე, როცა NBA-ში დებიუტი მქონდა, 25 წლის ვიყავი. ეს ბიჭები საინტერესო და ახალგაზრდა კალათბურთელები არიან, რაც ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. ბევრი სიღრმე გვაქვს და ვიცით, რომ ისინი ყველანი მზად არიან“, - განაცხადა კარლაილმა.

და ბოლოს, ბითაძეზე მაილს ტერნერმაც ისაუბრა: „მან თავდაჯერება აიმაღლა. ვფიქრობ, ვარჯიშზე გააკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ თამაშში ამის გასაკეთებლად თავდაჯერება საჭიროა. განსაკუთრებით კარგია, რომ მან ასე პრესეზონის ბოლო შეხვედრაში ითამაშა და ვიმედოვნებ, რომ მისთვის პოზიტიური იმპულსი შეიქმნება“, - დასძინა ტერნერმა.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პირველ ტურში ჩაატარებს, მისი მეტოქე კი "შარლოტ ჰორნეტსი" იქნება. მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება. უშუალოდ პრე სეზონი კი "ინდიანამ" 2 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103489