ჩოგბურთი

0:30 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა და კარიერაში პირველად მასტერსის ნახევარფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და ინდიან უელსის ნახევარფინალში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ბერძენ მეტოქეს 2 საათსა და 11 წუთში, სამსეტიან ბრძოლაში აჯობა და კარიერაში პირველად მასტერსის ნახევარფინალში გავიდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა 6:4 მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე გეიმში ბრეიკი გაახერხა, რასაც მეხუთე გეიმში მეორე ბრეიკი მიაყოლა და 4:1 დაწინაურდა. მართალია, შემდეგ იქვე წააგო თავისი ჩაწოდება, მაგრამ მეტი შანსი ციციპასისთვის აღარ მიუცია და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:4. სამაგიეროდ, მეორე სეტში ბერძენმა ჩოგბურთელმა მობილიზება მოახერხა, ორი ბრეიკი შეასრულა და 6:2 იმარჯვა, რის შედეგადაც სეტებში თანაფარდობა აღადგინა.

ყველაფერი მესამე, გადამწყვეტმა სეტმა გადაწყვიტა, რომელიც პირველის ანალოგიურად დაიწყო და ქართველმა ჩოგბურთელმა სეტის პირველსავე გეიმში მეტოქე დააბრეიკა. ნიკოლოზი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე მიჯრით 3 გეიმი წააგო და ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, არ გატყდა, რასაც ჯერ თავისი ჩაწოდების მოგება და მერე კიდევ ერთი ბრეიკი მიაყოლა - 4:3. ბასილაშვილი ისტორიულ გამარჯვებას მიუახლოვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა იდეალური შანსი ხელიდან არ გაუშვა და საბოლოოდ, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სამ სეტში 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა! აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა პირველივე მატჩპონტი გამოიყენა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველად ითამაშა მასტერსის მეოთხედფინალში და ბუნებრივია, რომ ასევე პირველად მოიპოვე მასტერსის ნახევარფინალში თამაშის უფლება. ნიკოლოზმა ამ შეხვედრაში 5 ეისი შეასრულა და ერთადერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ციციპასს 10 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. 29 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპათეულის წარმომადგენელი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ნახევარფინალში ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - სტეფანოს ციციპასი 2:1 (6:4, 2:6, 6:4)

0.160581