ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებმა, მომავალი წლის ველომარათონისთვის, გამორჩეულად რთული მარშრუტი შეიმუშავეს. ის მონაწილეებს ქარიანი ეტაპებით, ქვაფენილებზე ურთულესი მონაკვეთებით და ქანცის გამცლელი სამთო ეტაპებით შეხვდება.
რბოლა კოპენჰაგენში (დანია), 13-კილომეტრიანი დროზე რბოლით გაიხსნება. მეორე ეტაპზე კი მონაწილეები დანიის ორ კუნძულს, ზელანდიასა და ფუნენს შორის გადებულ 18-კილომეტრიან ხიდ გრეიტ ბელტზე გაივლიან. იქ კი არ არსებობს დღე, როდსაც ქარი არ უბერავს.
„ამ ხიდზე, წელიწადში 364 დღე ქარია. ამ ტურზე, შეიძლება მეორე ეტაპზევე ყველაფერი წააგო“, - ამბობს ტურ დე ფრანსის დირექტორი კრისტიან პრუდომი.
მათ, ვინც დანიაში სამ ეტაპს და ფლანდრიაში მთაგორიან მეოთხე ეტაპს გაივლის, მეხუთეზე ლილსა და არენბერგს შორის არსებული, ლეგენდარული ქვაფენილიანი სექტორები ელის.
ეს სექტორები ველომრბოლებს და მათს ბაიკებს ყოველთვის მძიმე გამოცდას უტარებს და თუ ამას უამინდობაც დაერთო, ნამდვილ ჯოჯოხეთად შეიძლება გადაიქცეს. ის ერთდღიანი რბოლების სპეციალისტებისთვისაა.
„ეს ეტაპები რომ გაიარო და ტურ დე ფრანსზე გამარჯვების იმედიც რომ გქონდეს, უნივერსალური მრბოლი უნდა იყო და ძლიერი გუნდი უნდა გედგას გვერდში“, - ამბობს ტურის დირექტორის მოადგილე ტიერი გუვენუ.
სამთო სპეციალისტებისთვის პირველი ტესტი იქნება მეშვიდე ეტაპი, რომელიც პლანშე დეს ბელს ფილსის აღმართით მთავრდება. ფაქტობრივად, სწორედ ამ აღმართზე მოიპოვა ტურის პირველი ტიტული ახლანდელმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა. თუმცა მან საბოლოო გამარჯვებას ფინალურ დროზე რბოლაში მიაღწია. სულ ასეთი ფინიში ხუთ ეტაპზეა.
პოგაჩარი ძლიერია სამთო ეტაპებსა და დროზე რბოლაში და მიმდინარე სეზონში გვიჩვენა, რომ კლასიკურების სპეციალისტიცაა. ამის დასტურად, ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის და ჯირო დი ლომბარდიას მონუმენტური კლასიკური რბოლები მოიგო.
ახალი მარშრუტიდან გამომდინარე, თუ სლოვენიელი ფორმაში იქნება, მთავარი ფავორიტის როლშიც მას ვიხილავთ. კონკურენტად კი, სხვებთან ერთად, თანამემამულე პრიმოჟ როგლიჩი ეყოლება.
ტურის მარშრუტის უმაღლესი მონაკვეთი გალიბიერის მთაა, რომელიც ზღვის დონიდან 2 607 მეტრ სიმაღლეზეა. ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმართი კი მთა გრანონზეა (ზღვის დონიდან 2 413 მეტრი), რომლის საშუალო დახრაც 9.3 პროცენტს აღწევს და მისი სიგრძე 11.3 კილომეტრია.
მარშრუტში შევიდა ლეგენდარული ალპ დ’უზ-ის მთა, რომლის ურთულესი მონკვეთის სიგრძეც 13.8 კილმეტრია და მისი საშუალო დახრილობა 8.1 პროცენტს აღწევს.
ურთულეს ტურს, 40-კილომეტრიანი დროზე ინდივიდუალური რბოლა და პარიზის სააღლუმო ბოლო ეტაპი დაასრულებს.