ჩოგბურთი

3:51 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარიერაში პირველად: ნიკოლოზ ბასილაშვილი მასტერსის მეოთხედფინალში ითამაშებს

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მეოთხედფინალში ითამაშებს. ბასილაშვილმა მერვედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში, 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა და კარიერაში პირველად მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა თამაში ბრეიკით დაიწყო და შემდეგ ხაჩანოვმა მოახერხა მეტოქის ჩაწოდების მოგება, მაგრამ მეშვიდე გეიმში ქართველმა ბრეიკი მეორედ გაახერხა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. შედეგად, პირველი სეტი 6:4 მოიგო.

გაცილებით დრამატული და დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. მეხუთე გეიმში, 2:2-ზე ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდების მოგება შეძლო და საბოლოო გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიჰყავდა, რადგან სეტში 5:3 დაწინაურდა, მაგრამ გადამწყვეტი გეიმი ვერ მოიგო და საბოლოოდ ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა (6:6).

29 წლის ჩოგბურთელმა ტაიბრეიკი შესანიშნავად დაიწყო და 6:2 დაწინაურდა, რაც ნიშნავდა, რომ ოთხმაგი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ ხაჩანოვმა ოთხივე გათამაშება მოიგო და ბასილაშვილის მატჩპოინტი გაანულა (6:2-დან 6:6). მათ შორის, ორი გათამაშება ნიკამ საკუთარ ჩაწოდებაზე წააგო. თუმცა, ყველაზე რთულ მომენტში, როცა თითქოს მოგებული შეხვედრა ხელიდან გაუშვა, მობილიზება მოახერხა, მიჯრით ორი გათამაშება მოიგო და ტაიბრეიკი გამარჯვებამდე მიიყვანა - 8:6.

მეორე სეტი საათსა და 12 წუთს მიმდინარეობდა, მთლიანად შეხვედრა კი საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ზუსტად ანალოგიური შედეგი ჰქონდა ხაჩანოვსაც. აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსზე ხაჩანოვამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3) და ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2) დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მეოთხედფინალში ალექს დე მინორისა და სტეფანოს ციციპასის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160549