რაგბი

0:31 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

‘შავი ლომის’ პირველი ღია ვარჯიში

პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა ‘შავმა ლომმა’ დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართა.

წვრთნა საათნახევარს გაგრძელდა. თავიდან შერკინებისა და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე გახურდნენ, კომბინაციები გადაიმეორეს, მერე კი ორად გაიყვნენ და უკონტაქტოდ, შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ თავის პირველ ოფიციალურ თამაშს 16 ოქტომბერს, „ავჭალაზე“ 17 საათზე გამართავს. რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ რაუნდში, მისი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითია’, რომლის შემადგენლობა უმეტესად სამხრეთ აფრიკელი, კუნძულელი და ინგლისელი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

ისტორიული მატჩის წინ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს:

„ქართული რაგბის განვითარებისთვის ფრენჩაიზს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ის არის პლაცდარმი, სადაც შეიძლება არაერთი მოთამაშე გამოიცადოს და განვითარდეს. ასევე არის საშუალება, რომ შევთამაშდეთ სანაკრებო მატჩებისთვის. გვაქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, რადგან ამ გუნდისთვის თაობები დაიხარჯნენ და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ,რომ მისი არსებობა ქართული რაგბისთვის ფასეულია“.

„თელავივის გუნდს შემადგენლობაში ძალიან ბევრი სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მოთამაშე ყავს. კარგი გუნდი უნდა იყოს და ვფიქრობთ, რომ ეს თამაში საინტერესო გამოწვევა იქნება“.

კაპიტანმა აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციაში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი:

„ჩვენი ჯგუფი მეორეზე ბევრად ძლიერია, რაც გეოგრაფიული პრინციპითაა განპირობებული, თუმცა ეს ჩვენთვის მთლიანობაში არაფერს ცვლის“.

რაც შეეხება შეტევის ახალ მწვრთნელს კორი ბრაუნს, მასთან დაკავშირებით შარიქაძემ დასძინა:

„ახალ მწვრთნელს კარგად შევეწყეთ. ის პოზიტიური პიროვნებაა დიდი გამოცდილებით. მან მარტივად შეძლო გუნდში ინტეგრირება და ვფიქრობ, მისგან ბევრ რამეს ვისწავლით“.

‘შავი ლომის’ შუამარბი დემე თაფლაძე თვლის, რომ სუპერ თასის პირველ შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება:

„ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ და თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით. სამწუხაროდ, არ ვიცით რა დონის გუნდია მეტოქე. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ ყავთ ძლიერ გუნდებში ნათამაშები გამოცდილი და პერსპექტიული მოთამაშეები. თუმცა ჩვენ მოსაგებად ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმს გავიღებთ“.

გუნდის კვაჭი გოგა ხუროშვილი ამბობს, რომ ‘შავი ლომი’ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის:

„აგვისტოდან 7-კვირიანი ურთულესი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ახლა შეკრებაზე ვართ. გუნდში არის განწყობა, რომ შაბათს გავიდეთ მოედანზე და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ვიცით, რომ მეტოქეს მრავლად ყავს სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერები, რომელთაც ძალისმიერი თამაში უყვართ, თუმცა ეს ჩვენც გვიყვარს და მზად ვართ გამოწვევისთვის“.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
0.155832