ძიუდო

18:30 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს განახლებული რეიტინგი: სამი ქართველი ძიუდოისტი წონის ლიდერია

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისა და ზაგრების გრან პრის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. ვაჟთა შორის 7 წონიდან სამს ქართველი ლიდერობს - ლაშა შავთდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ). გარდა ამისა, მეორე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი კი მესამე პოზიციაზე (100 კგ).

არის სხვა გამოსარჩევი სიახლეებიც - ილია სულამანიძე ათეულში შევიდა, გიორგი შერაზადიშვილმა კი რეიტინგში 174(!) პოზიციით შეძლო წინსვლა.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. საუკეთესო შედეგი მე-17 ადგილია, რომელზეც თემურ ნოზაძე იმყოფება, მეოცე პოზიციაზეა ლუხუმ ჩხვიმიანი, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გიორგი სარდალაშვილი კი 47-ე საფეხურზეა. ათეულში არიან რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველები - იაგო აბულაძე წონის ლიდერია, რობერტ მშვიდობაძე მეცხრე ადგილზეა, ხოლო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე მეშვიდე პოზიციას იკავებს.

66 კგ

ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგში დაწინაურდა და მესამე ადგილიდან მეორე პოზიციაზე აინაცვლა 4 530 ქულით. მარგველაშვილი, მანუელ ლომბარდოს, ჰიფუმი აბეს უსწრებს, ხოლო ბაულ ანს ჩამორჩება. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი 28-ე საფეხურზეა და ასეულში სხვა ქართველი არ იმყოფება.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში ისევ ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს, 5 175 ქულით და უსწრებს ცოგტბაატარა ცენდ-ოჩირს, სოიჩი ჰაშიმოტოს, ჩანგრიმ ანს და ტომი მასიასს. ნუგზარ ტატალაშვილი 32-ე ადგილს იკავებს, ალეკო მამიაშვილი კი 57-ეს.

81 კგ

ამ წონაში ლიდერთა შორის ცვლილება არ მომხდარა და პირველ ადგილზე ისევ ტატო გრიგალაშვილია, რომელსაც 6 667 ქულა აქვს. გრიგალაშვილი მატიას კასეს, ფრანკ დე ვიტ, შაროფიდინ ბოლტაბაევსა და საეიდ მოლაეის უსწრებს. ტატო თუ დამაჯერებლადაა პირველ ადგილზე, შემდეგ დიდი ვარდნაა და მხოლოდ 32-ე ადგილზეა ლუკა მაისურაძე, რომელიც უკვე 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. წარმოუდგენელი პროგრესი აქვს გიორგი შერაზადიშვილს, რომელიც ახლა 48-ე ადგილზეა, მაგრამ 174(!) პოზიციით განიცადა წინსვლა, რაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობის დამსახურებაა. 72-ე ადგილზეა ვლადიმერ ახალკაცი.

90 კგ

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წონის ლიდერი გახდა. მას 6 130 ქულა აქვს და უკან მოიტოვა ყოფილი ლიდერი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც სხვათა შორის მესამე ადგილზე დაქვეითდა, რადგან მეორე პოზიციაზე დავლატ ბობონოვი აღზევდა. ამავე წონაში მე-11 ადგილზეა ბექა ღვინიაშვილი, 38-ეზე ლუკა მაისურაძე, 59-ე საფეხურზე კი ავთანდილ ჭრიკიშვილი.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში ლიდერთა შორის ცვლილებები არ მომხდარა და ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მესამე ადგილზეა 4 962 ქულით, ჩამორჩება რა, არმან ადამიანსა და ჟორჟე ფონსეკას. სამაგიეროდ, ყველაზე დიდი პროგრესი ილია სულამანიძემ განიცადა. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მოფების შემდეგ ილიამ 3 439 ქულა დააგროვა და ათეულში შევიდა. მან 5 ადგილით წინ წაიწია და ახლა მეცხრე ადგილზეა. ამავე წონაში ონისე სანებლიძე 35-ეა.

+100 კგ

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილი 3 794 ქულით მეხუთე ადგილზეა და მან ერთი საფეხურით პროგრესი მოახერხა. ათეულში კიდევ ერთი ქართველია - ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი გურამ თუშიშვილი, რომელიც ასევე ერთი პოზიციით დაწინაურდა და 3 292 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს, უსწრებს რა, ტედი რინერს, რომელიც მეათე საფეხურზეა. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ საბა ინანეიშვილმა 12 ადგილით წინ წაიწია და 31-ე ადგილზეა, ხოლო 32-ე პოზიციას კიდევ ერთი ქართველი, ლევან მატიაშვილი იკავებს. 56-ეა ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ 16-17 ოქტომბერს, პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც ხუთი ქართველი იასპარეზებს. ვაჟთა შორის ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვაჟა მარგველაძე და ონისე სანებლიძე, ხოლო ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი.

0.140085