საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კოსოვოსთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, გამარჯვება დაიმსახურეს და მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გახარებაზე ფიქრობდნენ.
„მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ ყველა ადამიანს ძალიან რთული დღეები გქონდა. ჩვენ ბათუმშივე გვინდოდა გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ არ გამოგვივიდა. მთელი ჩვენი ფიქრები იმას უკავშირდებოდა, რომ ჩვენი გულშემატკივარი გაგვეხარებინა. ძალიან ბედნიერები ვართ 3 ქულის მოპოვებით, ძალიან დიდი ხანი ველოდით ამ მოგებას და ჩემი აზრით, დავიმსახურეთ. მოგებები კიდევ წინ არის“, - თქვა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი 9 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ეს იყო ვილი სანიოლის მეორე სპარინგის ჩათვლით, მაგრამ პირველი ოფიციალური გამარჯვება საქართველოს ნაკრებში, რის შედეგადაც, „ჯვაროსნებმა“ 4 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლეს. შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთთან მატჩით დაასრულებს.