ფეხბურთი

18:04 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება 1.9 მილიონი ევროთი გაიზარდა

საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე 1.9 მილიონი ევროთი გაძვირდა.

Transfermarkt-მა თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და ლობჟანიძის ღირებულება უკვე 3.4 მილიონ ევროს აღწევს, ხოლო მანამდე მისი ფასი 1.5 მილიონი ევრო იყო.

ლობჟანიძე ქართველ ფეხბურთელებში მეორე ადგილზეა, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომელიც 18 მილიონ ევროდ ფასობს. საბა „ჰატაისპორის“ მოთამაშეებშიც მეორეა ღირებულებით.

ლობჟანიძის ფასის მატება მიმდინარე სეზონის შესანიშნავმა დასაწყისმა განაპირობა. ქართველმა ნახევარმცველმა თურქეთის სუპერლიგის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩატარებული 7 თამაშიდან ექვსში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე პასი მიითვალა და შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გავიდა. აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფეხბურთელი თურქეთის ჩემპიონატის განვლილი 8 ტურის ჯამური შედეგებით სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

0.118903